logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: რაო, რა თქვა პატრიარქმა, ძვირფასო ემიგრანტებო, აღარ დაბრუნდეთო?!
- +

28 მაისი. 2017. 19:41



„რა თქვა პატრიარქმა, საქართველოდან დროებით თუ სამუდამოდ წასულო  ქართველებო, რაო, აღარ დაბრუნდეთ საკუთარ ქვეყანაშიო? ადრე, წლების წინ მოგიწოდებდით, რომ დაბრუნებულიყავით, ახლა ამას აღარ გეუბნებით, იყავით იქ, სადაც ხართ, აქ საშინელება ხდებაო?!", - ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი წერს:

 

„ჰო, პატრიარქის სიტყვები ყველამ თავისებურად მოთარგმნა. აგერ, „გენიოსი" ნიკა გვარამია უცებ მიუხვდა: კაცი ამბობს, საქართველოში საშინელება ტრიალებს, თავი შეიკავეთ, არ ჩამოხვიდეთო. ჰა, ჰა, ჰა... გეგონება, უცხოეთის ქვეყნების აეროპორტებში ქართველების რიგები იდგა, გეგონება - თავქუდმოგლეჯილნი მორბოდნენ სამშობლოსაკენ ჩვენი თანამემამულენი (განსაკუთრებით მაშინ, როცა სააკაშვილი პრეზიდენტი გახლდათ, ხოლო ნიკოლოზ გვარამია - „პრაკურორი").

 

რა იყო, ხალხო, რა გჭირთ, დიასპორის ყრილობაზე პატრიარქის გამოსვლამდე საქართველოში ბრუნდებოდით და ახლა გადაიფიქრეთ? მოდით, კიდევ ერთხელ გადავიკითხოთ, რა თქვა ილია მეორემ ისეთი, რამაც დაგაფრთხოთ? წავიკითხოთ სრულად, დაკვირვებით და აუღელვებლად, ყოველგვარი პანიკის გარეშე:

 

„რამდენიმე წლის წინ მე მოგიწოდებდით, რომ დაბრუნებულიყავით სამშობლოში. ახლა მოგიწოდებთ - იყავით იქ, სადაც ბრძანდებით. მაგრამ ამავე დროს, იყავით სამშობლოში. ეს საჭიროა უპირველეს ყოვლისა საქართველოსთვის. მე მინდა, მადლობა მოგახსენოთ იმ სულიერი თუ მატერიალური დახმარებისთვის, რასაც სამშობლოსთვის აკეთებთ. თქვენ უნდა დაგვეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნაში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენმა შვილებმა, რომლებიც მოღვაწეობენ და ცხოვრობენ უცხოეთში, არ დაივიწყონ ქართული ენა, ქართული კულტურა. ეკლესია-მონასტრები, რომლებიც შეიქმნა უცხოეთში, გახდა ცენტრები ჩვენი სულიერი, ქართული კულტურისა, შეიქმნა წრეები ქართული ცეკვის, სიმღერის, ქართული ენისა და ლიტერატურის და ამაში მონაწილეობა უნდა მიიღოთ თქვენ... შეიძლება თქვენ ცხოვრობთ უცხოეთში, მაგრამ ამავე დროს, უპირველეს ყოვლისა, თქვენი წინაპრების ძვლები, ფესვები არის აქ, საქართველოში და ეს არ უნდა დაივიწყოთ. ღმერთმა დაგლოცოთ, მადლობელი ვართ იმისთვის, რასაც სამშობლოსთვის აკეთებთ. ღმერთმა ინებოს, რომ გამთლიანდეს საქართველო, აფხაზეთი და სამაჩაბლო დავიბრუნოთ".

 

ახლა ვნახოთ რამდენიმე ნაწყენი ადამიანის კომენტარი:

 

„რა უსუსურ და გაჭირვებულ მდგომარეობაში უნდა იყოს ქვეყანა, პატრიარქი რომ ეტყვის ემიგრანტებს, დარჩით სადაც ხართო. ქოცები თუ ასე დააქცევდნენ ქვეყანას, არ მეგონა ნაღდათ".

 

„ჯერ დაბრუნდითო, ახლა მანდ დაეტიეთო... რათაო?კარგად ვიწველებით უფრო შორიდან?ძალა და ენერგია გვიმთავრდება... მაინც დავბრუნდებით, სიბერეში მაინც ვიგრძნოთ ადამიანობა"!

 

როგორც ხედავთ, მძიმე სურათია... ამ თემაზე რამე რომ დაწერო, ბეწვის ხიდზე უნდა გაიარო, შეიძლება ემიგრანტებმა ისე ვერ გაგიგონ, როგორც თქვი და დაწერე. თუმცა მაინც ვცადოთ: ჩემი აზრით (ამას სხვებიც აღნიშნავენ), ქართველი და საქართველოსთან დაკავშირებული ნებისმიერი ეროვნების ადამიანი ძალიან ძნელად ეგუება აქედან წასვლას, თუნდაც დროებით. ქართველი განიცდის, ქართველს ეწყება სულიერი ტკივილები და მუდმივი ცრემლდენა ქვეყნიდან წასვლის შემდეგ, ძალიან მალე, რამდენიმე დღეში. ეს არ გახლავთ ჩვეულებრივი ნოსტალგია, ეს არის რაღაც სხვა, რაღაც ამოუხსნელი ფენომენი, რაღაც გენეტიკური კოდი. მეტიც, ვფიქრობ, ამ მხრივ საიდუმლო დევს იმ მიწა-წყალში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. შეიძლება არ დამეთანხმოთ, შეიძლება დამეთანხმოთ, მაგრამ ერთი რამ ცხადია, საქართველოდან წასვლა არის ძალიან მტკივნეული. მოდით, ახლა ისიც ვაღიაროთ, რომ ქართველები ცოტა ეგოისტები ვართ - არასოდეს გვსიამოვნებს, როცა ამ ქვეყანაში რაღაცა კეთდება უჩვენოდ, რაღაცას ამბობენ უჩვენოდ, სულ გვგონია, რომ დაიქცა აქაურობა უჩვენოდ (კიდევ კარგი, სოციალური ქსელების გამოგონების შემდეგ საზოგადოებასთან კონტაქტი აღარ არის პრობლემა და ე.წ. ჩართულობის საკითხი მოგვარებულია). ამას მოსდევს მეორე რიგის „ეგოისტობა": მე წავედი საქართველოდან, ახლა ხელისუფლება ვალდებულია, დამაბრუნოს. რომ დავბრუნდე, მეხვეწონ, გარკვეული თანხა დამახვედრონ, აბა, ბიზნესი ხომ უნდა ავაწყო, როგორ ვიარსებო? იცით, რას გეტყვით? მთავრობას ევალება, რომ მეფეროს, მე ვარჩენ საქართველოს, ფულს ვუგზავნი ოჯახს, ვინახავ 10 სულს!

 

ეს პრეტენზიები გეცნობათ? ალბათ, გეცნობათ და იტყვით, ასეც უნდა იყოს, აბა, როგორო? არა, მაპატიეთ, მაგრამ მე ცოტა სხვანაირად ვფიქრობ: ხელისუფლება ვალდებულია, იზრუნოს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე, აქ მყოფზე, წასულზე თუ მოსულზე. მთავრობა მოვალეა, ყველას შეუქმნას სათანადო პირობები და ასევე თვალ-ყური ადევნოს ყველა თავის მოქალაქეს, სადაც არ უნდა იყოს ის! არ არის საჭირო ზედმეტი პრეტენზიები... გასაგებია, რომ ემიგრანტს მოჭარბებულად გააჩნია ტკივილი, მაგრამ არც საქართველოში დარჩენილები ცხოვრობენ უმტკივნეულოდ. აქ უკვე ჩნდება საპირისპირო პრეტენზიები, რაც ხშირად გადადის აგრესიაში: ააა, ნახეთ, ქმრებმა გაუშვეს ცოლები საშოვარზე, თვითონ კი წამოწვნენ მხართეძოზე და ლოთობენ! ჰი, ჰი, ჰი... ქმრები ცოლების მიერ გამოგზავნილი ფულით ნაყიდი ჯიპებით დასეირნობენ! აუჰ, მავანის ცოლი სხვის მოხუცს წმინდავს ერთ ადგილს და ამას კიდე მთელი დღე ლუდის ბოთლი უჭირავს ხელში! უკაცრავად, მაგრამ ჩვენ რომ ამ ქვეყანას ვაშენებდით, ჩვენ რომ „დუბინკებს" გვირტყამდნენ, თქვენ მაშინ გაიქეცით, კიდევ პრეტენზიები გაქვთ?!

 

ალბათ, ესეც გეცნობათ, ხომ? დიახ, ეს არის ჩვენი რეალობა, რომელსაც კარგად იყენებენ ნიკა გვარამიას მსგავსი ავანტიურისტები. აგერ, პატრიარქმა თქვა, აღარ ჩამოხვიდეთო, აქ საშინელება ხდება და ამიტომო, - დაასკვნეს ნაძირალა „ნაციონალებმა". ამით ისინი ცდილობენ, ორი კურდღელი დაიჭირონ: პირველი - ემიგრანტები გაგაღიზიანონ და აგამხედრონ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, სადაც თვითონ ძალიან კარგად გრძნობენ თავს! მეორე - დაგაპირისპირონ ხელისუფლებასთან იმ იმედით, რომ ეგებ თავად ჩაიგდონ ძალაუფლება ხელახლა ხელში!

 

რა თქვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სინამდვილეში? მან თქვა: ადრე, წლების წინ მოგიწოდებდით, უპირობოდ დაბრუნებულიყავით სამშობლოში, მაგრამ ახლა, როცა გეძლევათ ორმაგი მოქალაქეობის საშუალება, როცა ევროპაში ასე გაიოლდა გასვლა, თქვენს ნათესავებს შეუძლიათ, უვიზოდ იმოგზაურონ და მოგინახულონ, თუ კარგად ხართ, იყავით, სადაც ხართ და იყავით საქართველოშიც.  თუ ადრე თქვენ იღებდით უცხო ქვეყნის მოქალაქეობას და კარგავდით საქართველოს მოქალაქეობას (სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მიღებული კანონების წყალობით), ახლა აღარ დაკარგავთ, შეგიძლიათ, იყოთ უცხოეთშიც და საკუთარ სამშობლოშიც.

 

აქ არის რამე გაუგებარი? ვინმემ დაგიშალათ დაბრუნება? ვინ წავა, ვინ ჩამოვა, ვინ რას გააკეთებს და როგორ მოიქცევა, ეს პირადი გადასაწყვეტია! ვიღაცებს ძალიან უნდათ, ემიგრანტები და საქართველოში დარჩენილები ერთმანეთს დაუპირისპიროს... სწორედ ეს ვიღაცები ავრცელებენ დეზინფორმაციას და ცდილობენ, პატრიარქის სიტყვაც კი თავიანთი ბინძური მიზნებისთვის გამოიყენონ - ხატავენ, თითქოს ილია მეორემ იმიტომ თქვა ასე, რომ საქართველო უკვე დაქცეულია, განადგურებულია და სულს ღაფავს. ვიმეორებ, ამას ავრცელებენ ისეთები, რომლებიც ძალიან კარგად გრძნობენ თავს საქართველოში... დიახ, ისინი დაბრძანდებიან ძვირადღირებული ჯიპებით, მათ აქვთ უმაღლესი ხელფასები (გვარამიას ხელფასი - 60 ათასი ლარი), ისინი ქეიფობენ ელიტარულ რესტორნებში, ყოველ საღამოს ყრიან შარდენზე განთავსებულ ბარებში, ბოლდებიან, ლოთობენ, მერე დარბიან პისტოლეტებით და შემოხეული პერანგებით!

 

ესენი სპეციალურად გეუბნებიან, რომ საქართველოში ძალიან ცუდადაა საქმე... ამ დროს თბილისში მანქანები აღარ ეტევა და საღამოს რესტორნებში ადგილს ვერ იპოვით. არ ვამბობ, რომ ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ... თვითონ აქვთ ათვისებული ათასნაირი ბიზნესები - ხსნიან სალონებს, მაღაზიებს, აფთიაქებს, სხვადასხვა სახის მომსახურე ობიექტებს... თქვენ არა, თქვენ არ უნდა ჩამოხვიდეთ, ხომ შეიძლება უცებ მათი ადგილები დაიკავოთ საზოგადოებაში? ამათ თქვენი ეშინიათ, ესენი უწიგნურები არიან, ამათ მოჩვენებითი განათლება აქვთ მიღებული, გავლილი აქვთ საეჭვო ტრეინინგები, ორკვირიანი, ერთთვიანი, მეტი არა, სულ ეგაა ამათი განათლება! ამიტომ მოგიწოდებთ პატრიარქი, იყავით სადაც ხართ და იყავით საკუთარ სამშობლოშიც, ასე უკეთესია, დაგვეხმარეთ... უფრო სწორად, საკუთარ ქვეყანას დაეხმარეთ, საკუთარ თავს დაეხმარეთ, ააწყეთ ბიზნესები, გამოავლინეთ ცოდნა, გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ, ნუ უსმენთ გვარამიას მსგავს ავანტიურისტებს, მათ ამოძრავებთ მხოლოდ საკუთარი ინტერესები, ბინძური პოლიტიკური რევანში, რომელიც ძალიან შორსაა პოლიტიკისგან.

 

არ დაიჯეროთ, საქართველოში არც ისე ცუდადაა საქმე, რომ ეს მიწა-წყალი შეგძულდეთ და მისგან პირი იბრუნოთ სამუდამოდ. ჩვენ, ყველას ერთი ტკივილი გვაქვს, არ აქვს მნიშვნელობა, სად ხარ, სად ცხოვრობ - აქ თუ იქ... არ აქვს მნიშვნელობა, ემიგრანტი ხარ თუ აქ დარჩენილი, ზედმეტი პრეტენზიები მოვთოკოთ და გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია!", - წერს გელა ზედელაშვილი.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner