logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება...
- +

29 მაისი. 2017. 02:53


 

საქართველოს მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა შეიძლება არც იცის, ვიღაცამ მაიმუნი რომ გიწოდოს, შენ კი, გაბრაზებულმა და შეურაცხყოფილმა, სასამართლოში უჩივლო შეურაცხმყოფელს, სასამართლო მას კი არ მოსთხოვს შენი მაიმუნობის დამამტკიცებელი დოკუმენტების წარმოდგენას, არამედ შენ მოგიწევს ცნობის მიტანა, რომ მაიმუნი არ ხარ.


იმდენად დიდი მაიმუნობაა ის, რაც ახლა ვთქვი, შეიძლება ვინმეს დაუჯერებლად მოეჩვენოს ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტს ვერსად წაუხვალთ _ ეს ფაქტი კანონის სახით არის ჩამოყალიბებულ-ჩამოქნილი და ქართული მართლმსაჯულება დღემდე ამ კანონით მოქმედებს.


უფრო ნათლად რომ აგიხსნათ საქმის ვითარება, პირად მაგალითს მოვიშველიებ საილუსტრაციოდ.


ერთი ცნობილი ზონდერჟურნალისტი, სახელგანთქმული და საყოველთაოდ ცნობილი სიცრუის მანქანა, რომელმაც ცილისწამება, ადამიანებისთვის ათასგვარი სიბინძურის დაბრალება და გავრცელება, პროფესიად გაიხადა, მაბრალებს, რიმ ვინმე ნიკა აკობიამ „დამავერბოვკა" და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის ხელწერილი დამაწერინა.


მიუხედავად იმისა, რომ ნიკა აკობიას საერთოდ არ ვიცნობ და არანაირი ხელწერილი არ დამიწერია, ის კი არა, საერთოდ არანაირი შეხება არ მქონია არასოდეს იმ სტრუქტურებთან, რომლებიც შეიძლება მოქალაქეთა „დავერბოვკება" -გადაბირებით იყოს დაკავებული, მე ახლა ცილისწამებისა და პატივისა და ღირსების შელახვისთვის ამ ჟურნალისტს რომ ვუჩივლო სასამართლოში, სასამართლო მას კი არ მოსთხოვს, წარმოადგინოს ჩემი „აგენტობის" დამადასტურებელი დოკუმენტი, რის საფუძველზეც მან მე აგენტი მიწოდა, არამედ მე გამხდის იძულებულს, მოვიტანო ცნობა, რომ აგენტი არ ვარ და არც არავის გადავუბირებივარ.


სასამართლო ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ ჩემი ინტერესი აქვს, არა, კანონი აიძულებს, ასე მოიქცეს, კანონი, რომელსაც, რაც არ უნდა იდიოტური და ცინიკური იყოს იგი, სასამართლო ვერ შეცვლის და ვერ გადააკეთებს.


კი, ბატონო, წავალ და მოვიტან მე იმ ცნობას, რომლის მიხედვითაც დადასტურდება, რომ არც აკობიას ვიცნობ და არც აგენტი ვარ, თუმცა შეიძლება ესეც არ აღმოჩნდეს საკმარისი, იმისთვის, რომ ცილისმწამებელმა პასუხი აგოს, რადგან კანონში იმდენი ხვრელი და „ლაზეიკაა" დატოვებული მისი და მისნაირების დასახმარებლად, რომ, არ არის გამორიცხული, მან თავი დაიძვრინოს და მხოლოდ მსუბუქი წკიპურტით ზღოს დანაშაული.


ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ეს პროცესი შეიძლება 2-3 წელი გაიწელოს, რაც იმას ნიშნავს, რომ, მე თუ სხვამ, ამ ხნის განმავლობაში ცილისმწამებლების მიერ მიწებებული იარლიყით უნდა ვიაროთ და საზოგადოებამ ალმაცერად და ეჭვით უნდა გვიყუროს.


მოკლედ რომ მოვჭრათ, არსებული კანონი ცილისმწამებლების, უსინდისოების, უტიფრების, არაკაცების, არაქალების, უხამსების, უზნეოების, ცრუპენტელების, ჭორიკნების მხარეზეა, მათ არის გადაფოფრებული, მათ უფრთხილდება, მათ იცავს და არა წესიერ და ნორმალურ მოქალაქეებს.


კანონებს იმიტომ წერენ და იმიტომ აწესებენ, რომ ადამიანები დაიცვან მოძალადეებისგან, არაკეთილსინდისიერი და უზნეო პირებისგან, ჩვენს შემთხვევაში კი პირიქითაა ყველაფერი.


რა ჰქვია ამას?


რა ჰქვია და სიტყვის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების, დემოკრატიული პრინციპების დაცვა ჰქვიაო - გვეუბნება კანონის ავტორი და იქვე ადამიანის უფლებების უზენაეს პრინციპებზე მიგვითითებს.


კი, მაგრამ, ისინი, ვისაც ცილს სწამებენ, ჭორებს უვრცელებენ, ყოვლად უსაფუძვლოდ და უარგუმენტოდ ათას რაღაცას აბრალებენ, ადამიანები არ არიან და ადამიანები არიან მხოლოდ ისინი, რომლებიც ამ უმსგავსობებს სჩადიან?


გამოდის, რომ ეს კანონი, ფაქტობრივად, ორ კატეგრიად ჰყოფს ადამიანებს, რომლებიც ამ კანონის მიხედვით არათანაბარ მდგომარეობაში არიან - ერთ ნაწილს, სიტყვისა და გამოხატვის უფლებებზე აპელირებით, შეუზღუდავი უფლებები აქვს თავსლაფი ასხას მეორე ნაწილს, იმ მეორე, „თავსლაფდასხმულ" ნაწილს კი კანონი ავალდებულებს ამტკიცოს, რომ თავზე ლაფის დასხმის ღირსი არ იყო, რადგან ღირსეული და წესიერი ადამიანია.

 

არ არის ეს დისკრიმინაცია?

 

რა თქმა ინდა, არის, თუმცა გასაკვირია, რატომ დგას სახელმწიფო მის მიერვე მიღებული კანონებით ცილისმწამებლების, სხვისი პატივისა და ღირსების ხელმყოფი ადამიანების მხარეს და არა მათ გვერდით, რომლებიც ამ უმსგავსობის მსხვერპლნი ხდებიან?


ამ საკითხზე, რომლის გარშემოც მე, როგორც ამ საქმის არასპეციალისტი, შეიძლება ცოტა დილეტანტურად და ზედაპირულად ვსაუბრობ, აი, რას ამბობს „საერთო გაზეთისთვის" მიცემულ ინტერვიუში („ერთსა და იმავე გადაცემაში დამაბრალეს, თითქოს მე დავწერე ის, რაც არ დამიწერია, ხოლო რაც ნამდვილად მე დავწერე, ის, თურმე, ბიძინა ივანიშვილმა დამიწერა"! - „ს.გ." , #18, 2017წ.) კვალიფიციური იურისტი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ქალბატონი ევა გოცირიძე: „დიახ, გადაცემა „რეაქციაში" ინგა გრიგოლია მიკიჟინებდა, წადით და სასამართლოში გვიჩივლეთო... კი, წავალთ, მაგრამ რა დაგვხვდება იქ? სიტყვისა და გამოხატვის შესახებ ქართული კანონი შეუდარებლად დიდ უპირატესობას ანიჭებს გამოხატვის თავისუფლებას ადამიანის ღირსებასა და რეპუტაცისათან მიმართებაში. დიფამაციის საქმეებზე სასამართლოში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, ანუ იმ პირს, ვის წინააღმდეგაც სავარაუდო ცილისწამება გავრცელდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სწორედ მან, ცილისწამების მსხვერპლმა, უნდა ამტკიცოს, რომ მის წინააღმდეგ გავრცელებული განცხადებები სინამდვილეს არ შეესაბამება. თანაც მან ეს უტყუარად უნდა დაამტკიცოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის სარჩელს ვერ მოიგებს. შესაბამისად, წარმოიშობა სამართლებრივი პრეზუმფცია, რომ მის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდება ნამდვილია, სანამ თავად არ დაამტკიცებს, თანაც უტყუარად, რომ ისინი მცდარია. მარტივად რომ ვთქვათ, მან უნდა დაამტკიცოს, რომ არ არის ქურდი, ავაზაკი ან მეძავი და, სანამ არ დაამტკიცებს, ძალაშია პრეზუმფცია, რომ ის სწორედ რომ ქურდი, ავაზაკი ან სამლარიანი მეძავია. ამასწინათ გადაცემა „არჩევანში" ნინო ჯანგირაშვილმა დამაბრალა, თითქოს მე დავუწერე ურთმელიძეს გადაწყვეტილება, ხოლო მეორე სტუმარი ზაზა ბიბილაშვილი კი საზოგადოებას არწმუნებდა, რომ განცხადება, რომელიც ჩემი სახელით გამოქვეყნდა, თითქოს მე კი არ დავწერე, არამედ ბიძინა ივანიშვილმა დამიწერა. ნახეთ: ერთსა და იმავე გადაცემაში დამაბრალეს, რომ ის, რაც ნამდვილად არ დამიწერია, თითქოს მე დავწერე, ხოლო რაც ნამდვილად დავწერე, ის მე არ დამიწერია. გამოდის, რომ მე სხვებს ვუწერ, სხვები კი მე მიწერენ. და, რას მთავაზობს ინგა გრიგოლია - ამ კანონის მიხედვით ვამტკიცო მე, რომ, რაც დავწერე, ის ნამდვილად მე დავწერე, ხოლო რაც არ დავწერე, ის არ დამიწერია? ესაა სამართლიანი და ნირმალური პროცედურა? ამგვარად, ჩვენში ადამიანის სახელი, ღირსება და რეპუტაცია, სამართლებრივად, ძალზე ცუდად არის დაცული. სხვათა შორის, მტკიცების ტვირთის ასეთი განაწილება ეწინააღმდეგება საერთო ევროპულ მიდგომებს, სადაც ეს ტვირთი მოპასუხეს, ანუ სავარაუდო ცილისწამების გამავრცელებელს ეკისრება. მან უნდა დაამტკიცოს, რომ, რაც თქვა, სინამდვილეს შეესაბამება, რათა საქმე მის სასარგებლოდ გადაწყდეს. ჩემი აზრით, ადამიანის პატივისა და ღირსებისადმი ისეთი დამოკიდებულება, როგორსაც სიტყვის თავისუფლების შესახებ ქართული კანონი ამკვიდრებს, არ შეესაბამება არც საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც ადამიანის პატივსა და ღირსებას „ხელშეუვალ" უფლებად აცხადებს. ამ მიზეზთა გამო, აუცილებლად მიმაჩნია, რომ მტკიცების ტვირთი ცილისწამების საქმეებში მოსარჩელიდან მოპასუხეზე გადანაცვლდეს".


როგორც ხედავთ, ქალბატონი ევას პოზიციას ზედმიწევნით ზუსტად ემთხვევა ჩემი მოსაზრებაც და იმ უამრავი ადამიანის მოსაზრებაც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს კანონი აუცილებლად შესაცვლელია.


მიუხედავად იმისა, რომ ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი კარგა ხანია, კატეგორიულად ითხოვს, რომ ეს ანტიადამიანური, ანტისახელმწიფოებრივი კანონი აუცილებლად საჭიროებს შეცვლას, დღემდე მაინც ვერ მოხერხდა ამ საკითხის მკვდარი წერტილიდან დაძვრა, მიზეზი ამისა კი, ალბათ, ის გახლავთ, რომ ვიღაც-ვიღაცებს ეშინიათ, ამ თემაზე რომ ხმამაღლა ვისაუბროთ, ვაიდა, ეს ყველაფერი სიტყვის თავისუფლების გამოხატვის თავისუფლების, დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად ჩაგვეთვალოს და დავიღუპოთო.


* * *


დანამდვილებით ვერავინ იტყვის, ნამდვილად ალენ დალესმა (იგი 1953-61 წლებში აშს-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი იყო) დაწერა თუ არა ის დოქტრონა, რომელიც ალენ დალესის დოქტრინის სახელით არის ცნობილი.


თუმცა, კაცმა რომ თქვას, არსებითი მნიშვნელობა არც აქვს იმას, კონკრეტულად ვინ დაწერა ეს ტექსტი, მთავარი ისაა, რომ მსოფლიოს მრავალ ენაზე გადათარგმნილი ეს ტექსტი არსებობს და კიდევ უფრო საოცარი და საკვირველი ამბავი _ ბევრი რამ, რაც საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ხდება, თითქოსდა ხდება ამ ტექსტში მოცემული სამოქმედო გგმის მიხედვით, იმდენად ემთხვევა ერთმანეთს ის, რაზეც ეს სატანისთვის სულმიყიდული ავტორი წერს და ის, რაც ამ ასევე სატანისტური შინაარსის და ქვეტექსტების შემცველ კანონში წერია.


„დამთავრდება ომი, ყველაფერი როგორღაც დალაგდება, მოეწყობა და ჩვენ მთელ ოქროს, მთელ მატერიალურ ძლიერებას გადავისვრით ხალხის გამოსათაყვანებლად. ჩვენ შეუმჩნევლად შევცვლით ნამდვილ ფასეულობებს სიყალბით და ვაიძულებთ მათ იწამონ ეს ყალბი ფასეულობანი. როგორ? ჩვენ ვიპოვით ჩვენს თანამოაზრეებს, ჩვენს თანამშრომლებსა და მოკავშირეებს... ერთიმეორეზე მიყოლებით გათამაშდება თავისი მასშტაბებით გრანდიოზული ტრაგედია ყველაზე უფრო ურჩი ხალხის დაღუპვისა და მისი თვითშეგნების საბოლოოდ ჩაქრობისათვის, ლიტერატურასა და ხელოვნებაში ჩვენ მათ თანდათან მოვუსპობთ სოციალურ არსს. ხელოვანთ ჩავუკლავთ მისწრაფებას - შექმნან სახეები, გამოიკვლიონ პროცესები, რომელთაც ადგილი აქვთ ხალხთა მასების წიაღში. ლიტერატურა, თეატრი, კინო ადამიანის ყველაზე უფრო მდაბალი გრძნობების ამსახველი და გამავრცელებელი იქნება. ჩვენ ყველანი პირადად მხარს დავუჭერთ და შევაქებთ სექსის, ძალადობის, სადიზმის კულტს - ერთი სიტყვით, ყველაფერს ამორალურს... ჩვენ შეუმჩნევლად, მაგრამ აქტიურად და მუდმივად შევუწყობთ ხელს ჩინოვნიკების, მექრთამეების თავნებობას, უპრინციპობას; ბიუროკრატია აყვანილი იქნება სათნოების სიმაღლეზე... პატიოსნება და წესიერება გამასხარავებული და არავისთვის საჭირო აღარ იქნება. იგი წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და მაწანწალობა, ლოთობა და ნარკომანია, ცხოველური შიში ერთმანეთისადმი... უსირცხვილობა, ნაციონალიზმი და ხალხთა შორის მტრობა... ყველაფერი ეს ოსტატურად და შეუმჩნევლად იქნება კულტივირებული და აყვავდება მძაფრი ფერებით. მხოლოდ ზოგიერთნი მიხვდებიან და გაიგებენ კიდეც თუ რა ხდება, მაგრამ ასეთ ადამიანებს ჩვენ ჩავაყენებთ არამოდურ მდგომარეობაში და ქვეყნის სასაცილოდ გავხდით. მოვძებნით ხერხს, რომ მათ ცილი დასწამონ და ისინი საზოგადოების ნაძირალებად გამოაცხადონ. ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანების გასარყვნელად ბავშობისა და ჭაბუკობის ასაკიდან. ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვქრთამოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდობისაგან ჩვენ შევქმნით ჯაშუშებს, კოსმოპოლიტებს".


მე მგონი, კომენტარი ზედმეტია!


როგორ ჰგავს აქ აღწერილი კოშმარული სურათი იმას, რაც საქართველოში „ნაცმოძრაობის" დროს ხდებოდა და, ნაწილობრივ, დღესაც ხდება.


დღეს გაპარპაშებული ზონდერჟურნალისტები, ნაციონალებთან ერთად, ალენ დალესის თუ მისი სახელით მოქმედი სხვა პირის სატანისტური გეგმის უშუალო შემსრულებლები და განმხორციელებლები არიან.


შემთხვევითი არ უნდა იყოს ის ამბავიც, რომ ეს კანონი („საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ") სწორედ 2004 წლის 24 ივნისს შევიდა ძალაში მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერით.


ეს ზონდერჟურნალისტები სწორედ ამ კანონმა შვა და ისეთებად აქცია, როგორებიც დღეს არიან - არსებებად, რომლებსაც შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი.


ნაციონალები მათი ჯიბის ჟურნალისტები ტყუპისცალებივით ჰგვანან ერთმანეთს და ეს არ არის შემთხვევითი - ისინი, როგორც ჩანს, ერთსა და იმავე ლაბორატორიაში არიან ნაწრთობნი და დატრენინგებულნი.


ეს ის ლაბორატორიაა, სადაც საწვრთნელად შერჩეულ სუბიექტებს, პირველ რიგში, შუბლის ძარღვს ამოაჭრიან ხოლმე, რის შემდეგაც ისინი ადვილად ითვისებენ მთავარ პროფესიას, ცილისმწამებლის, დეზინფორმატორის, პროვოკატორის პროფესიას.


„არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა" - ეს ათი მცნების მე-9 მუხლია, რომელსაც ზემოთნახსენები სატანური პროგრამის ცხოვრებაში განმხორციელებელი ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი „ზონდერჟურნალისტი" და „სპეცნაზელი" წამდაუწუმ არღვევს, თუმცა, რომ ჰკითხო, ქრისტიანია, ეკლესიაში დადის, სანთლებს ანთებს და შეიძლება პირჯვარსაც კი იწერდეს.


როგორც ჩანს, მას ჰგონია რომ ყველას მოტყუება შეიძლება, მათ შორის, ღმერთისაც. ცდებით თქვენ, ქალბატონო, ძალიან მწარედ ცდებით, რადგან არ იცით, რომ, როცა თავი გამარჯვებული გგონიათ, სწორედ მაგ „გამარჯვებით" ხართ დამარცხებული...


კანონი, რომელიც ბოროტებას შობს და მერე ამ ბოროტებას იცავს, თავად არის ბოროტება.


ცილისმწამებლები ამ ბოროტი კანონის პირმშონი არიან და სანამ ეს კანონი ამ სახით და ამ ფორმით იარსებებს, ისინიც მუდმივად და მარად იარსებებენ, რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ აქციონ უზნეობით აყროლებულ ჭაობად.

ამიტომაც მოვუწოდებ ყველას - საზოგადოებას, ხელისუფლებას, საქართველოს პარლამენტს - შევცვალოთ ეს კანონი, გავათავისუფლოთ ადამიანები, გავათავისუფლოთ ქართული სახელმწიფო მუდმივი ფსიქოლოგიური ტერორის და შანტაჟისგან.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner