თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ვერეს ხეობაში არსებულ მიწასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული შუალედური დასკვნის შესახებ ისაუბრა. ნარმანია გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ფარცხალაძეს ხელოვნურად შეუწყვეს ხელი პროცესში, არ ადასტურებს.
როგორც დავით ნარამნიამ აღნიშნა, თბილისის მერიამ გადაწყვეტილება კანონიერად, პროცედურების სრული დაცვით მიიღო.
„ჩასანაცვლებელი ნაკვეთების მონაცემები გადაიგზავნა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საიდანაც მივიღეთ მიწების ღირებულების შეფასება. უამრავი ვერსია მოვისმინე, მათ შორის, თითქოს ოთარ ფარცხალაძეს ხელოვნურად შევუწყვეთ ხელი პროცესში, რასაც ცალსახად არ ვადასტურებ. თუ ვინმეს კითხვა გაუჩნდება, მზად ვარ, ვუპასუხო", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ის ელოდება აუდიტის სამსახურის საბოლოო დასკვნას, რის შემდეგაც მერიის პოზიციას წერილობით გამოაქვეყნებს.
„ვიმეორებ, კანონის ყველა ნორმა დაცულია, ვერც ერთ გადაწყვეტილებაში გადაცდომას ვერ ვხედავ. ახლა საკითხს საგამოძიებო ორგანოებიც სწავლობენ, რის დასრულებასაც ასევე ველოდები, მანამდე კი, რასაც ჩავთვლი საჭიროდ, იმაზე გიპასუხებთ", - განაცხადა ნარმანიამ.
კითხვას, რამდენად ობიექტური იქნება პროკურატურის გამოძიება იმის გათვალისწინებით, რომ ოთარ ფარცხალაძე არც ისე დიდი ხნის წინ მათი უშუალო ხელმძღვანელი იყო, დავით ნარმანია კითხვითვე პასუხობს.
„როგორ გგონიათ, გამოძიება ვინმეს რამეს აპატიებს ან თვალს დახუჭავს? კითხვის ნიშნები რომ არ მაქვს, ამიტომაც ვარ მშვიდად", - განაცხადა ნარმანიამ.