საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა მეუფე პეტრეს „ეკლესიიდან გაშვებას" მოითხოვს. შესაბამისი კომენტარი ქარჩავამ „ინტერპრესნიუსთან" საუბარში გააკეთა.
„თუ არ დადგება ეს საკითხი, თვითონ მე დავაყენებ წმინდა სინოდზე მეუფე პეტრეს ეკლესიიდან გაშვების საკითხს. მეუფე პეტრეს, რა თქმა უნდა, ჰყავს თავისი მხარდამჭერები და კარგი იქნება, თუ სრული ლუსტრაცია მოხდება და გამოავლენს ყველა, ვინ ვის უჭერს მხარს. აქ არის ორი მხარე: ერთი კათოლიკოს-პატრიარქი და დედა-ეკლესია, მეორე მხრივ, მეუფე პეტრე და მისი მხარდამჭერები, რომლებიც ებრძვიან დედა-ეკლესიას. ამიტომ ვინც პატრიარქის გვერდზე არ დადგება, ის იქნება ჩვენი არაკეთილმოსურნე და მათ მოუწევთ მართლმადიდებელი ეკლესიის რიგების დატოვება", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
საპატრიარქოს იურისტის თქმით, იწყება „ანტიპატრიარქისტების" გამოვლენა, რა კონტექსტშიც ქარჩავა მეუფე პეტრეს და პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს სოსო ოხანაშვილს ასახელებს.