თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე დაინიშნა.
ჩინჩალაძის კანდიდატურას მხარი საბჭოს 12 წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა 1 წევრი.
აღსანიშნავია, რომ ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოში უვადოდ რამდენიმე დღის წინ დაინიშნა.
მიხეილ ჩინჩალაძე ქ. თბილისში 1978 წლის 9 მარტს დაიბადა. მან 1984-1995 წლებში წარჩინებით დაამთავრა ქ. თბილისის #57 საშუალო სკოლა. 1995-2000 წლებში მან ასევე წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დღის უფასო დასწრებული განყოფილება, იურისტის კვალიფიკაციით-სპეციალობა სამართალმცოდნეობა. 2000-2003 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტი. ამჟამად არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი. 1999-2004 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის სხდომის მდივანი, თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის თანაშემწე. 2004-2007 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე, შიდა ქართლის საოლქო პროკურორი, მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი. 2005 წლის მაისი - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. 2007 წელს მინიჭებული აქვს საკლასო ჩინი - იუსტიციის უფროსი მრჩეველი. 2004 წლის ივნისში გადაეცა სერტიფიკატი კომპლექსურ ფინანსურ დანაშაულთა თემაზე. 2006 წლის მაისში აშშ ქ. ინდიანაპოლისში, აშშ პროკურატურის კვლევის ინსტიტუტის სერტიფიკატი გადაეცა თემაზე - კონფერენცია საზოგადოებრივი პროკურატურის თემაზე. 2007 წლის იანვარი - წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა (საერთო სპეციალიზაციით). (ასევე წარმატებით ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის, პროკურატურის მუშაკთა, ადვოკატთა (საერთო სპეციალიზაციით) საკვალიფიკაციო გამოცდები). 2007 წლის ივნისიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.