logo_geo
eng_logo
ირინა ირემაძე: პატრიარქი მომიბრუნდა და მითხრა — ეს ბაღი მარტო ჩემი არ არის, ეს ბაღი მთელი საქართველოსიაო...
- +

5 აპრილი. 2016. 14:15



პატრიარქს ხშირად უყვარს თავის ორანჟერეაში განმარტოება, ყველაზე უკეთ იქ ისვენებს. უამრავი ყვავილების გარემოცვაში თითქოს ყველაზე ახლოსაა სამყაროსა და ღმერთთან. ვისაც მისი ბაღი უნახავს, არასოდეს დაავიწყდება ის სილამაზე, სიმშვიდე და მრავალფეროვნება, რითაც ეს წალკოტია ცნობილი.


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განსაკუთრებული სიყვარული და დამოკიდებულება ყვავილებისა და, ზოგადად, მცენარეების მიმართ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. ბევრი რამ საქართველოში ამ კუთხით პატრიარქის ინიციატივით შეიქმნა: სამების ბაღის როზარიუმი, საპატრიარქოს მებაღეობის კოლეჯი, ფონდი „გაამწვანე საქართველო" და სხვა.


ვისაც უნახავს სამების საკათედრო ტაძრის ბაღში მოლზე ჩაჩოქილი, აყვავებულ ვარდებთან მოჩურჩულე პატრიარქი, ამბობს, რომ ეს დაუვიწყარი, სულისშემძვრელი სანახაობა იყო...


ალბათ ასევე მოზღვავებული გრძნობებისგან „ფრენდა" ის ადამიანი, რომელზეც პატრიარქის ორანჟერეის დიასახლისმა, დედა ბარბარემ გვიამბო:

„საპატრიარქოს ახალი თანამშრომელი შემთხვევით მოხვდა ორანჟერეაში სწორედ მაშინ, როცა აქ იადონები და თუთიყუშები გვყავდა გალიიდან გამოშვებული. ამდენი აყვავებული მცენარე და მათ შორის მოჟღურტულე ჩიტები რომ დაინახა, კაცი ჯერ გაშეშდა, მერე ხელები აღაპყრო და აღტაცებული ჩურჩულებდა - „გმადლობთ უფალო,  სამოთხეში ვარ, სამოთხეშიო!"

 

ირინა ირემაძე  უკვე ათი წელია პატრიარქის ორანჟერეის ბინადრებზე ზრუნავს. უჭირს თქმა, რამდენი მცენარეა ორანჟერეაში - „ალბათ, რამდენიმე ასეული".


განსაკუთრებით ახსოვს პირველი შეხვედრა პატრიარქთან,  როცა მისი ორანჟერეის მებაღე გახდა: დედა ბარბარემ წარმადგინა პატრიარქთან - „უწმინდესო, ირინა მოუვლის თქვენს ბაღსო", პატრიარქი მომიბრუნდა და მითხრა - „ეს ბაღი მარტო ჩემი არ არის, ეს ბაღი მთელი საქართველოსია და, ესე იგი, შენიცო".

ირინა ამბობს, რომ უწმინდესს განსაკუთრებით უყვარს ეს ადგილი, ხშირად განმარტოვდება აქ, უსმენს მუსიკას, ყვავილებს... განსაკუთრებით ზამთრის თოვლიან დღეებში, პლედში გახვეული, თითქოს ამ ორანჟერეის ბინადართაგან იღებს სასიცოცხლო ძალებს...

პატრიარქს  სტუმრებიც ხშირად მოჰყავს ორანჟერეაში.


- „ერთხელ მეცნიერები გვყავდა სტუმრად. მეც თავად იქ გახლდით. ტრაპეზის შემდეგ პატრიარქმა მომმართა - გაგვიძეხ, ირინა,  ჩვენს სტუმრებს ბაღი ვაჩვენოთო. გზად პატრიარქი სტუმრებს მოუბრუნდა და ღიმილით უთხრა: „როცა მოგინდებათ გამახაროთ, ყვავილები მაჩუქეთ", სტუმრებსაც გაეღიმათ.  პატრიარქის ორანჟერეაში მცენარეთა უდიდესი ნაწილი სწორედ საჩუქარია. თავად პატრიარქსაც ჰყვარებია მცენარეების გაჩუქება. „მხოლოდ განსაკუთრებულ ადამიანებს ჩუქნის", - ამბობს მებაღე.


უწმინდესის ორანჟერეა მცენარეთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა: ფიკუსის და არაუკარიას მრავალწლოვანი ბონსაები, ასპარაგუსები, ანთურიუმები, მონსტერები, ყოჩივარდები, დრაცენები, კლივიები, კაქტუსები, ბეგონიები, ორქიდეები და უზამბარული იები... ერთ სივრცეშია მოქცეული ისეთი მცენარეებიც კი, რომელთაც, წესით, სრულიად სხვადასხვა საარსებო გარემო სჭირდებათ. კიდევ უფრო საოცარია ის, რომ აქ ისეთი მცენარეები ყვავის, რაც ოთახის პირობებში წარმოუდგენელია...


- გაზაფხულზე, როცა ორანჟერეას ვალაგებთ, პატრიარქიც იღებს მონაწილეობას ამ პროცესში. გვეუბნება, რომელი მცენარე სად დავდგათ, რომელ ყვავილებს მოსწონთ ერთმანეთთან მეზობლობა - ერთმანეთი უყვართ და ნუ დააცალკევებთო... ყოველთვის ამჩნევს, თუ რომელიმეს მორწყვა მოაკლდა, გასაკრეჭია ან მოიწყინა... ამბობს, რომ მცენარეები ცოცხალი არსებები არიან და მათი გაბრაზება არ შეიძლება.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner