ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსობიდან ირაკლი შიხიაშვილის გადაყენების შემდეგ, ამ თანამდებობაზე გენერალი კობა კობალაძე დაინიშნა. რა გეგმები აქვს და როგორ აპირებს გენერალი კობალაძე ვეტერანთა მძიმე სოციალური პრობლემების გადაწყვეტას, ამის შესახებ ის „ალიას" ესაუბრა.
- ბატონო კობა, ვეტერანები ირაკლი შიხიაშვილს თანხების მითვისებაში ადანაშაულებდნენ, რას აპირებთ, შეიყვანთ თუ არა აუდიტს და შეამოწმებთ, რა გაიფლანგა და რა - არა?
- რა თქმა უნდა, შემოწმება აუცილებლად მოხდება და გავიგებთ, რეალური მდგომარეობის არსს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა ფინანსური დარღვევებია, ან რა არის საერთოდ?
- თქვენი აზრით, თუ მართლა გაფლანგული და შეჭმულია თანხები, ეს შიხიაშვილს უნდა შერჩეს?
- მე მართლა არ ვიცი, ვინ რა შეჭამა. ასე ვერაფერს ვიტყვი, ყველაფერი შემოწმდება და გაირკვევა, წინასწარ ამაზე ვერ ვილაპარაკებთ.
- ბატონო კობა, პირველ რიგში, რის გაკეთებას აპირებთ, და როგორ აპირებთ ვეტერანთა იმ მრავალრიცხოვანი პრობლემების მოგვარებას, რომელიც მათ აწუხებთ. ჩვენ მათ პრობლემებზე ბევრს ვწერდით, ეს გახლავთ, უპირველესად, ჰოსპიტალის საკითხი, ასევე, სამუშაო ადგილები და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა და ნორმალური პენსია...
- კი, მე ვიცი, ყველა იმ პრობლემის შესახებ, რომელიც ვეტერანებს აწუხებთ. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს შევხვდი და უკვე დავსახეთ ამ პრობლემის მოგვარების გზები. რეალურად, ვეტერანთა სოციალური პროგრამები უნდა აღდგეს და მოხდეს მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია. გეგმიურად ვაპირებ ამ პრობლემების მოგვარებას და ამის მზაობაც მაქვს. რაც შეეხება ჰოსპიტალის საკითხს, ვეტერანთა ჯგუფებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ვაპირებ შეხვედრას. ამ პერიოდში აღებული მაქვს ტაიმ-აუტი, რომ გავერკვიო სიტუაციაში, შევხვდე ვეტერანებს და ჰოსპიტალის მედპერსონალს და შემდეგ გვეცოდინება, როგორ ვიმოქმედოთ.
- რა ელოდება ჰოსპიტალს, შეინარჩუნებთ თუ არა, აღდგება თუ არა ის დაფინანსება, რომელიც ჰოსპიტალს ჰქონდა?
- ჰოსპიტალში არსებული რეალური სიტუაციის შეფასება მას შემდეგ მოხდება, როცა ჰოსპიტალის მედპერსონალს შევხვდები. პრობლემის გადაწყვეტის თავი და ბოლო მხოლოდ ჰოსპიტალი არ არის. ჩვენ უნდა წავიდეთ რეგიონებშიც, იქ უნდა შევხვდეთ ვეტერანებს და მთლიანი სიტუაცია შევისწავლოთ: თელავში, ბათუმში, ფოთში და სხვა ქალაქებში. გავიგოთ, იქაურ ვეტერანებს რა პრობლემები აწუხებთ. ერთი სიტყვით, სწორი სოციალური სტრატეგია უნდა შევიმუშაოთ. კონკრეტული ამოცანები და კონკრეტული ვადები განსაზღვრული გვაქვს, რა დროშიც უნდა წარმოვადგინოთ კონკრეტული ხედვა. ეს ხედვა იქნება შეთანხმებული დამსახურებულ ხალხთან. როდესაც ერთიანი პროგრამა შემუშავდება, ყველას წინაშე წარვადგენთ, ჰოსპიტალის დამსახურებული მედპერსონალი თავს არ უნდა გრძნობდეს დაჩაგრულად და უსარგებლოდ.
- ჰოსპიტალის მედპერსონალს 3 თვეა, ხელფასი არ მიუღია.
- პირველი რიგის ამოცანა იქნება ამ პრობლემების მოგვარება, თუ რა მიმართულებით მოგვარდება და როგორ, ეს საჯარო დისკუსიის შედეგად გამოჩნდება.
- ვეტერანთა პენსიების საკითხის მოგვარებას როგორ აპირებთ, მოემატებათ ვეტერანებს პენსიები თუ არა?
- ამ პროგრამაზე და მის სტრატეგიაზე როცა გესაუბრებით, ეს ყველაფერი ამ პროგრამის ფარგლებში იქნება მოქცეული და ჩამოყალიბებული. ჯერ რეალური სურათი გვინდა დავდოთ, ვეტერანთა გარკვეული კატეგორია უზრუნველყოფილია, მაგრამ ვეტერანთა დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ჩვენი ამოცანაა, რომ საზოგადოების ამ ფენას შევუქმნათ ღირსეულად ცხოვრების საშუალება, თუმცა, ეს მხოლოდ კობა კობალაძის ან სახელმწიფოს გადასაწყვეტი კი არა, მთელი საზოგადოების გადასაწყვეტია. თუ რეალურად საზოგადოებამ არ გაითავისა, რომ თითოეული ვეტერანი ჩვენი საზოგადოების ნაწილია, ისე არაფერი გამოვა.
- რას გულისხმობთ?
- ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვეტერანთა მიმართ საზოგადოების გარკვეული ნაწილის გაუცხოება შეინიშნება. საზოგადოებაში იქმნება გარკვეული კლასიფიკაციური დაყოფა და „შენჩემობა". ამიტომ, მე, როგორც არასდროს, მაქვს სურვილი, ვეტერანთა გაერთიანება და საზოგადოებაში მათი ღირსეულ ადამიანებად დამკვიდრება მოხდეს. ასევე, კონკრეტული ამოცანები მაქვს, რომელსაც საზოგადოების წინაშე გავიტანთ და მათი მხარდაჭერით ამ ამოცანებს გადავწყვეტთ.
- როგორ გადაწყდება ვეტერანთა საბინაო პრობლემები? ამას წინათ, როგორც ვეტერანებმა გვითხრეს, ერთ-ერთი უბინაო გენერალი „გარაჟიდან" გაასვენეს...
- მე ახლა თავიდან ჩაგიკითხოთ ის პროექტი, რომლის შესრულებასაც ვაპირებთ? ეს არის სოციალური პროგრამა, სადაც საბინაო საკითხები განცალკევებულად არ არის გამოყოფილი. გვაქვს სტრატეგია, რომელიც მხოლოდ პროექტი კი არ არის, ის უნდა შესრულდეს: საუბრით, კრიტიკითა და აზრების შეჯერებით. ამ ყველაფრის შემდეგ, ჩვენი მოთხოვნების საკანონმდებლო ორგანოში წარდგენას და მის დამტკიცებას მოვახდენთ, რათა მას საკანონმდებლო სახე მიეცეს და ამის შემდგომ შევუდგეთ მის განხორციელებას.
- ბატონო კობა, თქვენ „ალიასთან" ერთ-ერთ საუბარში განაცხადეთ, ჩემს წინამორბედს მოვიხსენიებ პატივისცემით, მან საკმაოდ ბევრი გააკეთა! რა გამოდის, თუ შიხიაშვილი ვეტერანებზე ზრუნავდა, ამ დროს ვეტერანები დაუნახავები იყვნენ, შარს ეძებდნენ ამ კაცის მოსაშორებლად?
- არა, ახლა მისმინეთ, ჩემო კარგო! ახლა უკვე თქვენ გადადიხართ ზღვარს და არღვევთ ჟურნალისტიკის ეთიკას, ეს არ არის კითხვა.
- რატომ, ბატონო კობა, შეკითხვის დასმით ვარღვევ ეთიკას?
- ეს არის ბრალდების წარდგენა და შეურაცხყოფა იმათზე, ვისზეც თქვენ საუბრობთ.
_ არა, შეურაცხყოფა სულაც არ გვიფიქრია, ეს შეკითხვა რეალურია და დღემდე ვეტერანებს აწუხებდათ, სწორედ ის, რომ თქვენს წინამორბედს მათთვის პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია, იმიტომაც ითხოვდნენ შიხიაშვილის გადადგომას და თქვენ ამბობთ, ბევრი რამ გააკეთაო?!
- ვინმე არის დაუნახავი ან უმადური? ან რა პოზიციაა, მიდიხარ თანამდებობაზე, იკავებ ადგილს და და მერე წინამორბედის ლანძღვას იწყებ? შიხიაშვილი საკუთარი განცხადებით წავიდა და ახლა მე დავდგე და მაღალი ტრიბუნიდან ვლანძღო ირაკლი შიხიაშვილი?
- არავის ლანძღვა არ გვინდა, თვეებია ვეტერანები შიხიაშვილის გადადგომას ითხოვენ, აქციებიც მოაწყვეს., ალბათ, ვეტერანების პრობლემები რომ მოგვარებულიყო და შიხიაშვილს ბევრი რომ გაეკეთებინა, მის გადადგომასაც აღარ მოითხოვდნენ და არც თქვენ იქნებოდით აქ...
- შიხიაშვილის მოქმედებების შემფასებელი ვერ ვიქნები, მე სულ რაღაც 2-3 დღეა, რაც ამ თანამდებობას ვიკავებ, თითქმის ყველა თქვენს შეკითხვას ამომწურავი პასუხი გავეცი, დანარჩენზე ლაპარაკს არ ვაპირებ, კარგად ბრძანდებოდეთ...
რედაქციისგან: დიდ გამარჯვებას - შიხიაშვილის გადაყენებას ულოცავს „ალია" ვეტერანებს! მრავალი სტატია მივუძღვენით მათ ბრძოლას. ვუსურვებთ, რომ ახალი ხელმძღვანელის, კობა კობალაძის მოსაშორებლადაც არ გაუხდეთ საშიმშილოდ საქმე! ამისთვის კი, პირველ რიგში, წინამორბედის შეცდომების დანახვა და გამოსწორებაა აუცილებელი. აბა, წარმატებები!!!
ეთერ ბალაძე