logo_geo
eng_logo
ზაზა სვანაძე: რა ვქნა, კილაძის გულის გასახარად, სოსო გოგაშვილს ცილი დავწამო?
- +

29 მაისი. 2017. 21:07




გთავაზობთ ამონარიდს „ქრონიკა+"-ის ყოფილი ჟურნალისტის ზაზა სვანაძის ინტერვიუდან:


ზაზა სვანაძე: - პირველ რიგში მკითხველისთვის განვმარტავ, თუ რატომ მოვედი თქვენთან და გადავწყვიტე, ღიად მეპასუხა ჩემს ირგვლივ არსებულ ცილისწამებებზე! მიუხედავად იმისა, წინასწარ ვიცოდი, რომ ჩემს ყოფილ რედაქტორზე მომიწევდა საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენს შორის არსებული პოლემიკა (რომელიც უკვე კულისებიდან გამოვიდა), ცხარე ფაზაშია, - მაინც გადავდგი ეს ნაბიჯი! ვიდრე თხრობას გავაგრძელებდე, მშრალ ფაქტებს გავიხსენებ: გიორგი მამაცაშვილი იქამდე იცნობდა ელისო კილაძეს, ვიდრე „ქრონიკა +"-ის ჰორიზონტზე ზაზა სვანაძე გამოჩნდებოდა. თქვენ ჩემგან დამოუკიდებლად გაგიმწვავდათ პირადი და პროფესიული ურთიერთობები (პირად საუბრებს არ ვყვები, ეს დაპირისპირება უკვე საჯაროა). რაღაც მომენტში ვფიქრობდი კიდეც, არ აღქმულიყო ჩემი ამ ფორმით საუბარი ღალატად. თუმცა, ვფიქრობ, რომ სიმართლე ყველგან სიმართლეა! და თავადაც ჟურნალისტს ვერავინ დამიმახინჯებს ვერც კონტექსტს და ვერც შინაარსს.


ბოლო ერთი თვეა, ნაცნობ-მეგობრები და სოციალური ქსელის მომხმარებლები ხშირად მეკითხებიან, რა ხდება ჩემსა და „ქრონიკა +"-ის მთავარ რედაქტორს შორის?! აინტერესებთ, თუ რატომ მწამებს ცილს ადამიანი, რომელთანაც სამსახურებრივი ურთიერთობის მიღმაც საკმაოდ ახლო ურთიერთობა მქონდა... სიმართლე გითხრათ, თავიდან დიდად არ ვაქცევდი ყურადღებას ასეთ კითხვებს, თუმცა, დღითიდღე იმატებდა იმ ცნობისმოყვარეების რიცხვი, რომლებიც უკვე ჩემთვის სრულიად უცნობი პირების მსგავსად - ზოგიც ტელეფონის საშუალებით, ზოგიც პირადად, ზოგიც ინტერნეტის მეშვეობით მიმეორებდა დაახლოებით ასეთ კითხვებს - რატომ ამოგიჩემა? რამე აწყენინე? შენც მოგადგა? კარგად ხომ იყავით? ყველა ამ კითხვის ადრესატი იყო ქალბატონი, რომლისთვისაც ზურგში დანა არასდროს არ ჩამირტყამს...

 

- შენ დღეს ელისო კილაძის ერთგულ ადამიანად თვლი თავს?


- მასზე ბოროტად არასოდეს მისაუბრია, არც პროვოკაცია მომიწყვია მისთვის და სიმართლე გითხრათ, არც მისი მოტივაცია ვიცი, როცა ჩემზე მსგავს რამეს ეჭვობს. უფრო მეტს გეტყვით: დაახლოებით ერთი თვის წინ მე იოსებ გოგაშვილი გავაკრიტიკე და ამასაც არ ვმალავ. ეს ჩემი უფლებაა, ჩემი შეხედულებაა და დემოკრატიულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. ბინა მე ოთხი-ხუთი თვეა, რაც გამოვიხსენი და რა თქმა უნდა, ჩემი ბინის გამოხსნასთან გოგაშვილს არანაირი შეხება არა აქვს! მოდით, ვთქვათ ღიად - ასეთ რისკზე არც გოგაშვილი წავა! ძალიან სახიფათოა ჟურნალისტთან მსგავს ალიანსზე წასვლა და ეს შენ უკეთ მოგეხსენება, გიორგი, რადგან ვიდრე მე შემოვაბიჯებდი აქტიურ ჟურნალისტიკაში, იქამდე გაქვს შენ ჟურნალისტური საქმიანობის დიდი სტაჟი და დამეთანხმები - ეს აბსურდია! ამ შემთხვევაში, ელისო წყაროს არ ასახელებს! არადა, ამ ცოტა ხნის წინ დიდი ამბით ჩამოაწიკწიკა მთელი არზა ე.წ. სახელისუფლებო „წყაროებისა"... და ჩემს შემთხვევაში, ანუ მეგობრის, კოლეგის და ყოფილი თანამშრომლის შემთხვევაში, ე.წ. „წყარო" პრივატულად მაინც არ უნდა დაესახელებინა, საკუთარ სივრცეში რომ აქტიურობს?!.


- რა ვიცი, ჩემი ე.წ. „წყაროს" კონფიდენციალურობაც გაუკვირდა, თუმცა ცალსახად გკითხავ - ელისო კილაძის მხრიდან, საჯარო სივრცეში, მსგავსი ბრალდების წამოყენება შენი მისამართით (თუნდაც, ეჭვის დონეზე) იყო თუ არა მისი მხრიდან ცილისწამება? პრაქტიკულად, მან ღიად დაგდო ბრალი მექრთამეობაში, კორუმპირებულობაში და ღიად დაგადანაშაულა ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაში... მანამდე ასეთი სახის სტატუსიც საჯაროდ გამოაცხო: „არც ერთი ცნობილი ჟურნალისტი „ქრონიკა +"-ის რედაქციიდან საკუთარი სურვილით არ წასულა - ყველა პირადად მე გავუშვი კონკრეტული „ქეისის" გამო (ქრთამი, გამოძალვა, ადამიანების შანტაჟი და ა. შ.)", რაზეც სხვა თანამშრომლებისგან განსხვავებით,  მხოლოდ „ქრონიკა+"-ის ერთადერთმა ყოფილმა  ჟურნალისტმა ირინა გოგოსაშვილმა გამოთქვა საჯარო პროტესტი...


- მძაფრად სვამ საკითხს, თუმცა, მეც პირდაპირ გეტყვი - არ ამეტებ!


- ზაზა, კითხვას გაურბიხარ...


- ალბათ, იკითხავთ და არც გამიკვირდება - ზაზა, რამეს ხომ არ მალავ? იქნებ თქვენი კონფლიქტი კულისებში დაიწყო და განვრცობა უკვე საჯაროდ ჰპოვა? სრული პასუხისმგებლობით გიპასუხებთ, რომ ასეთს ადგილი არ ჰქონია. ვერ დავაბრალებ, რომ ჩემზე აბსურდული ეჭვები ჰქონდა ან უკმაყოფილო იყო - მეთქი.  გიორგი, როგორ ფიქრობ, უთავმოყვარეო კაცს ვგავარ?! მსგავსი ბოდვები რომ მომესმინა, იმ დღესვე წამოვიდოდი „ქრონიკა+"-ის ოფისიდან! როდესაც მისი შვილი დააკავეს, ხუთი წუთის დაწერილი ჰქონდა ელისოს სტატუსი, დამირეკეს მობილურ ტელეფონზე და დაახლოებით ორ საათში დიღმის სამმართველოსთან მივედი. მიუხედავად იმისა, რომ მასთან აღარ ვმუშაობდი, თავს ვალდებულად ვთვლიდი, რომ გასაჭირში თუ ადამიანურ ურთიერთობებში მის გვერდზე ვმდგარიყავი. დიახ, გადავაბიჯე პირად წყენებას - იმ დროს ნინო ჯღარკავასთან ვირტუალური კონტაქტის გამო წაშლილი ვყავდი „ფეისბუქ-მეგობრებიდან"... ჩემდა გასაკვირად, ბოლო ორი თვეა, უცნაური კითხვების დასმა დამიწყო, იქამდე კი იყო „ფეისბუქიდან"  წაშლა - არც საყვედური, არც აგრესია... აი, ასე წამშალა! აღარ გავაღიზიანე ჩემი ყოფილი ხელმძღვანელი და აღარ დავღალე ზედმეტი კითხვებით... მართლაც, ორ-სამ კვირაში კონტაქტი აღვადგინეთ. ვერ ვიტყვი, რომ მისი დიდი ძალისხმევით მოხდა ეს, თუმცა, არც მე დამირეკავს რამის გასარკვევად, ვინაიდან არანაირი დანაშაული არ მიმიძღოდა და არც ახლა მიმიძღვის მის წინაშე! ერთი სიტყვით, შერიგება ბუნებრივად მოხდა. შერიგებისთანავე მონიშნა მაკა მოსიაშვილი და შეახსენა - „მაკა, აი, რატომ დავბლოკეთ ზაზა, შენ ხომ იციო?"  წეღან დამავიწყდა იმის თქმა, რომ მაკამ და ელისომ ერთდროულად დამბლოკეს. „აქამდე არ ვაპირებდი ამის თქმას, თუ უხერხული არაა, საჯაროდ რომ ვთქვა - სოსო გოგაშვილმა ბინა გამოგისყიდაო?" -  სხვათა შორის, საკმაოდ ტაქტიანად მკითხა. იმდენად, რომ არც მიფიქრია გაბრაზება. პასუხი იქვე მშვიდად გავეცი, და მანაც მიიღო ეს პასუხი.


შემდეგ ეტაპობრივად ასეთი კითხვები განმეორდა, თუმცა იმ დროს არ მეცალა ახლობელ ადამიანებთან უსაგნოდ საქმეების გასარჩევად. მთლად არ წამიყრუებია, თუმცა, არც გაქექვა მიცდია ამბის. კითხვებმა ნელ-ნელა სახე იცვალა და სარკაზმისა და პროკურორის ტონალობის ინტონაციაში ახლებურად გაიჟღერა - თავიდან ითქვა, რომ ჩემმა მეგობრებმა თქვეს ეს, რომ თურმე ზაზასთვის ბინა გამოუსყიდია ისეთ კაცს, რომელსაც თავად ზაზა დილიდან საღამომდე აკრიტიკებს და ძალიან ხისტადაც - ამის დასტურია, სულ ახლახან, აპრილის 28 რიცხვში, მაკა რაზმაძის ეთერში ჩემი გამოსვლა, სადაც საკმაო რადიკალიზმით გავაკრიტიკე იოსებ გოგაშვილი და ამ სამ-ოთხ კვირაში ჩემი პოზიციებისთვის ნამდვილად არ გადამიხედავს - ზუსტად ვიცი, კილაძემაც ნახა ეს ეთერი - იმ დღეს თავადაც იყო დაპატიჟებული და არ მივიდა, ამიტომ ასპროცენტიანი ალბათობით, გადაცემას ბოლომდე უყურა, თუმცა, მისთვის ერთგული ადამიანისკენაც „გამოიწია".შოკირებული ვარ დღემდე!


- კეთილი. ინსინუაციებს რომ ავარიდოთ თავი, მის ნაწერზე გკითხავ - თვლი თუ არა, რომ...


-ბოდიში, შეგაწყვეტინებ და გეტყვი: რა თქმა უნდა, კილაძის კომენტარი შეურაცხმყოფელია! უბრალოდ, ჩემი საქმეებით ვიყავი დაკავებული და ინტენსიურ პოლემიკაში შესვლა დღემდე არ ჩავთვალე საჭიროდ.


- გამოისყიდა თუ არა შენი ბინა უშიშროების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ იოსებ გოგაშვილმა?


- არა! რა სისულელეა... მსგავსი რამ მისგან არ ყოფილა - არც შემოთავაზება, არც ზეწოლა!  კილაძეს „წყაროები" ატყუებენ! და ამ „წყაროებთან" ერთად ვუსურვებ მოღვაწეობის გაგრძელებას!


მან ძალიან კარგად იცის, რომ ვის-ვის და, ზაზა სვანაძეს ეს არ დაუმსახურებია!


- მე აღარც ის გამიკვირდება, მსგავსი ბრალდების შემდეგ ისევ მასთან რომ წახვიდე სამუშაოდ. ერთგვარად „შეშინებული" მეჩვენები... ადრე იყო და, ჩვენივე კოლეგასთან, ნინო ჯღარკავასთან სოციალურ ქსელში ურთიერთობის გამო ელისტრახომ საჯაროდ „გადაგცა ანათემას"... მეტიც - სოციალურ ქსელში მეგობრებიდანაც წაგშალა კიდეც... ვცდები?


- კი, იყო მსგავსი რამ. ისე, შეშინებული რომ ვიყო, ინტერვიუს მოგცემდი? რაც შეეხება ჯღარკავას. მას რომ მივწერე, არც დამიმალავას ელისოსთვის, რაც ხელზე დაიხვია ჩემსავე საწინააღმდეგოდ.


- ამ ორიოდე კვირის წინ შენი კერძო საქმიანობის გამო („კასპერსკის ლაბორატორიის" წარმომადგენლობითი ბიუროს ხელმძღვანელია - გ.მ.) „რეპორტიორს" მადლობა გადაუხადე და საჯაროდ გისაყვედურა: „ყველაფერი გასაგებია - ზუსტად მიხვდა, ვინც უნდა მიეწვია პრეზენტაციაზე, („რეპორტიორის" ჩათვლით). „ქრონიკა +"-ში არც უცდია დარეკვა. მიყვარს, როცა ყველაფერს საკუთარი სახელი ერქმევა", - საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება.


- გიორგი, მე ვარ ზრდასრული ადამიანი და ვაკეთებ იმას, რაც მინდა და რასაც საჭიროდ ვთვლი და მითუფრო - არც ელისოსთვის ვაპირებ ანგარიშის ჩაბარებას!


- და საპასუხოდ რას იღებ შენი მეგობრებისგან?


- ელისო დღეს პატიმრის დედაა და შესაძლოა, მასთან, როგორც უფროს ქალბატონთან - არ შევიდე მძაფრ პოლემიკაში, თორემ, რა თქმა უნდა, სხვას ძალიან ხისტ პასუხს გავცემდი! ისეთს, რომ დიდხანს დაადუმებდა! როგორც არაერთხელ ყოფილა ჩემს პრაქტიკაში! პირდაპირ გეტყვი, გიორგი - ეს არის შეურაცხყოფა! დიახ, კილაძის კომენტარი შეურაცხმყოფელია!

ბოლო პერიოდში ბევრი მწერდა, რომ „ნესტანი" შენი კონფიდენციალური რესპონდენტი, - შესაძლოა, მე ვყოფილიყავი.  ელისოს პირდაპირ არ უკითხავს, მაგრამ ბევრი „მამზადებდა" - „ელისოს ეჭვი გაუჩნდება და მზად იყავი. შეიძლება, მისი მომდევნო სამიზნე გახდე და ჩვეულებისამებრ, შარი მოგდოსო", - მაფრთხილებდნენ...


და, ამ ბოლო დროს უკვე ელისომაც დაიწყო სოციალურ ქსელში ირიბი „შემოტევა" ცინიკური, ირონიული პათოსით გაჟღენთილი კომენტარების წერით.


კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ვაკრიტიკებდი სოსო გოგაშვილს, მაგრამ არანაირი მსგავსი შემოთავაზება გოგაშვილის მხრიდან არ ყოფილა! ვიდრე მკითხავ, გეტყვი: არც შუამავლების „ხელით" მისგან არანაირი ზეწოლა არ ყოფილა! ვინც ოდნავ მაინც მიცნობს, იცის, რომ მსგავს „ფოჩიან კანფეტებს" არ ვხარბდები! არც მუქარას, არც ზეწოლას, არც სატელეფონო ზარებს არც ჩემზე, არც ვინმე ჩემიანზე ადგილი არ ჰქონია! რა ვქნა, უსაგნო შოუების გამო და კილაძის გულის გასახარად, სოსო გოგაშვილს ცილი დავწამო?


ისე, სიმართლე რომ ითქვას, მაკა მოსიაშვილის რუბრიკის გაჩენამდე, გაზეთის ფურცლებზე პირველი კრიტიკული წერილი სოსო გოგაშვილზე მე დავწერე და ახლა რა ვქნა, რაც არ დაუშავებია, ის დავაბრალო? ცილი დავწამო?


ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ლინკზე:


http://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=45933

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner