logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: პროექტი „ბიზნეს რუკა“ საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობის კარგი მაგალითია
- +

29 მაისი. 2017. 21:58


 

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „თიბისი ბანკში" ახალი საბანკო ინოვაციური პროდუქტების და სერვისების პრეზენტაციას დაესწრო და მოკლე მოხსენება გააკეთა. მასთან ერთად, შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიმართეს ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკოლოზ ქურდიანმა.


ერთერთი პროდუქტი „ბიზნეს რუკა" ბანკმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან ერთად განახორციელა. კერძოდ, შეიქმნა პროგრამა, რომელიც მსურველს შესაძლებლობას აძლევს სრულფასოვანი მოკვლევა განახორციელოს ბიზნესის სხვადასხვა სფეროზე.  ნებისმიერ დამწყებ თუ მოქმედ ბიზნესს შეუძლია გამოიკვლიოს რა ვითარებაა მისთვის საინტერესო ინდუსტრიაში კონკრეტული გეოგრაფიული ადგილების მიხედვით. ამას გარდა, მას შეუძლია საკუთარი კომპანიის საქმიანობა - შემოსავლები, ხარჯები, მოგება, თანამშრომელთა რაოდენობა თუ ხელფასები, შეადაროს ბიზნესის ანალოგიურ სფეროებს, როგორც ლოკალურად, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით. 


პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, პროექტი „ბიზნეს რუკა" საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობის კარგი მაგალითია.


„ჩვენ საჯარო ინფორმაციაზე წვდომა მივეცით კერძო სექტორს და მანაც შექმნა ძალიან კარგი პროდუქტი, რომელიც სასარგებლო იქნება თვითონ კერძო სექტორისათვის. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ, ბევრი სხვა ახალი იდეა გაჩნდება, რათა, საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობით, კერძო სექტორისთვის მეტი ახალი პროდუქტები შეიქმნას" , - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


გარდა ბიზნესებისა, პროგრამით სარგებლობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაც ხელმისაწვდომია, ვისაც სურს სრულფასოვანი კვლევა ჩაატაროს ეკონომიკისა და ბიზნესის ამა თუ იმ მიმართულებით. რესურსი გამოადგებათ, როგორც მკვლევარებს, ასევე ბიზნეს ანალიტიკოსებს და სტუდენტებს.   

„თიბისი ბანკში" პრეზენტაციას სამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner