საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას, გახმაურებული საქმეების დროულად გამოძიების შესახებ, ეხმაურება და აცხადებს, რომ „სამწუხაროდ, მსოფლიო პრაქტიკაში არსებობს დანაშაულები, რომლებიც დღემდე გამოუძიებელია და საკმაოდ ბევრ წლებს ითვლის". ამის შესახებ ვოლსკი „რეპორტიორს" ესაუბრა და აქვე დასძინა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, დღევანდელი ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში მცდარი კუთხით წარმოადგინოს.
„საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობა", როდესაც არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ წარმოუდგინა დოკუმენტები, სადაც საუბარია ადამიანის უფლების, ღირსებისა და სიცოცხლის უფლების მნიშვნელოვან დარღვევებზე. „ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, არსებული ხელისუფლება, საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, იმავე ფორმატში ჩასვას. აქედან გამომდინარე, პარალელების გავლება ხდება საკითხებთან დაკავშირებით. ჯერ აცხადებდნენ, რომ ციხეებში წამება გრძელდება. თუმცა ამ თემამ გაგრძელება ვერ შეძლო, რადგან ციხეებში მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია.
სამწუხაროდ, მსოფლიო პრაქტიკაში არსებობს დანაშაულები, რომლებიც დღემდე გამოუძიებელია და საკმაოდ ბევრ წლებს ითვლის", - განაცხადა ვოლსკიმ.