აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის სამძებრო ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, უწყებაში შესაბამისი განცხადება მუხტარლის ოჯახის წევრის მხრიდან დღეს შევიდა.
„მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით. დღეს შემოვიდა განცხადება და შესაბამისად, დავიწყეთ ძებნა", - აღნიშნავენ უწყებაში.
თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი გაუჩინარდა, - აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული „მეიდან ტვ" იუწყება.
ჟურნალისტის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას თქმით, ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. აღნიშნულთან დაკავშირებით აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლემ ქართველ სამართალდამცველებს მიმართა.
აფგან მუხტარლი ცნობილია როგორც აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკოსი. ის 2015 წლიდან იძულებული იყო, საქართველოში ეცხოვრა.