საქართველოს პატრიარქის ორანჟერეის მებაღე ირინა ირემაძე ინტერვიუში აღნიშნავს, რომ პატრიარქს განსაკუთრებულად თეთრი ორქიდეები უყვარს, ასევე ფიკუსის ბონსაი. მისივე თქმით, რომელ მცენარესაც უჭირს, მასთან მიდის, ეფერება, თითქოს ეხუტება...
-მონაზვნებმა მიამბეს, ერთხელ საპატრიარქოს ეზოში ხე ყოფილა მოსაჭრელი. სანამ მებაღე იარაღების მოსატანად ყოფილა წასული, პატრიარქი ხესთან მისულა, ბოდიში მოუხდია და დამშვიდობებია... ცრემლები მოსდგომიათ მონაზვნებს თვალებზე.
პატრიარქის ერთ-ერთ ქადაგებაში ვკითხულობთ:
„ხეები მგრძნობიარენი არიან, თვალისათვის ძნელად შესამჩნევია, მაგრამ სიყვარულს ამჟღავნებენ მათი მზრუნველის, მომვლელ-პატრონის მიმართ. საოცარ ძალას იჩენენ დიდი გრძნობითა და სიყვარულით დარგული ნერგები. თუ მათ გულისყურს მივუგდებთ, იქნებ ისიც გაგვახსენდეს, რომ ოდესღაც, სულ თავიდან, როცა ედემის ბაღში ვცხოვრობდით, ყველას გვესმოდა ეს ენა. მერე კი, როცა ჩვენი ნებით ედემი დავკარგეთ, ეს ცოდნაც დაგვეკარგა. ახლა არც ისე კარგად ვართ. ჩვენს ეზოებში, ან თუნდაც კორპუსის ციცქნა აივნებზე, სადაც მიწას გამოქცეულები ვცხოვრობთ, ნელ-ნელა მძიმე ფიქრებით ვითრგუნებით. აღარც ხეებს ვრგავთ, აღარც ყვავილებს, რომელზეც დილის ნამი ისე ბრწყინავს, რომ მასთან ნადვილი მარგალიტი არაფრად გეჩვენება, სადაც ჩიტები გალობით გახსენებენ, რომ გახუნებული ყოფის გარდა არსებობს ფერადი, სიცოცხლით სავსე ბუნება, რომლის შვილიც ხარ. ამიტომაც ბუნებას უნდა მიაშურო მაშინაც, როცა ძალიან შეწუხებული ხარ, რადგან ის განუგეშებს, ანდა როცა ძალიან გიხარია, რადგანაც ის გაიზიარებს შენს დიდ სიხარულს".
- უწმინდესი ხშირად გვეუბნება, რომ ნებისმიერი მცენარე ცოცხალია და ყველაფერს გრძნობს, უნდა დალოცოთ ხშირადო. ამიტომ გვასწავლა ასეთი ლოცვა: „გაიხარეთ და ჩვენც გაგვახარეთ" და სულ დალოცვილები იქნებით მათგანო.