უკანა ფშავში, დაბა შუაფხოში რძის გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმო აშენდება. საწარმოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო „მაღალმთიანი რეგიონების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამის" ფარგლებში ააშენებს.
„საწარმოსათვის შეძენილი იქნება 200 ათასი ლარის ტექნიკა და მისი მოგება პირველ წელს 300 ათასს მიაღწევს. ექვსი წლის თავზე კი 2 მილიონს" - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა დღეს „ეკონომეტრში" განაცხადა. ტექნიკურად აღჭურვილი საწარმო ადგილობრივ კოოპერატივს, რომელსაც მინიმუმ 11 ფერმერი შექმნის, უსასყიდლოდ გადაეცემა.
მსგავსი საპილოტე პროექტები „სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამის" ფარგლებში მაღალმთიანი რეგიონების 24 მუნიციპალიტეტში განხორციელდება. მთლიანად პროგრამის ღირებულება 6 მილიონი ლარია.
პროგრამის მოსალოდნელი ეკონომიკური და სოციალური ეფექტის შესახებ საუბრისას გელა ხანიშვილმა აღნიშნა: დღეს უკანა ფშავში არსებული 24 ათასი ჰექტარი საძოვრის გამოყენება თითქმის ვერ ხერხდება და აქ მხოლოდ 600 სული საქონელი ყავს ადგილობრივ მოსახლეობას, მაშინ, როდესაც ამ რესურსით 15 ათასი სულის გამოკვებაა შესაძლებელი. საპილოტე პროგრამამ ბიძგი უნდა მისცეს მესაქონლეობის განვითარებას და უკანა ფშავის მოსახლეობის შემოსავლების გაზრდას.
„თუ დღეს ეს კუთხე ძირითადად სოციალური ანარიცხებით არსებობს, რამდენიმე წელიწადში მას შესაძლებლობა ექმნება, ბიუჯეტში შენატანები გააკეთოს, რადგან შემოსავლების გაზრდის შემდეგ პროგრამის ფარგლებში შექმნილი კოოპერატივები იქით გახდებიან დამკვეთები და შექმნიან სამუშაო ადგილებს, რაც მთაში მოსახლეობის დამაგრებას შეუწყობს ხელს", - აღნიშნა გელა ხანიშვილმა.
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების 6 მილიონიანი პროგრამის" შესახებ დადგენილება მთავრობის სხდომაზე გასულ კვირასა მიიღეს.