შს სამინისტროსთან პოლიციელის პროფესიული დღე აღინიშნება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, თბილისში სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული ლატვიისა და ლიტვის შს მინისტრები, სხვადასხვა ქვეყნის საპოლიციო სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები და დელეგაციები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.
შს მინისტრმა გიორგი მღებიშვილმა ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა, პოლიციელებს გაწეული სამსხურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
„2017 წლის 4 აპრილს ჩვენ ევროპოლთან ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლების შესახებ ისტორიული შეთანხმება გავაფორმეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პოლიცია თავის ადგილს იკავებს ევროპის დიდ საპოლიციო ოჯახში. ჩემო პოლიციელებო, ჩვენი მიღწევები, თითოეული თქვენგანის დაუღალავი შრომის, ენთუზიაზმის და რწმენის შედეგია. რწმენის, როცა მიუხედავად არაერთი ყოველდღიური გამოწვევისა, გჯერათ, რომ ემსახურებით მართალ საქმეს და თქვენი წვლილი შეგაქვთ სიმართლისა და სამართლიანობისთვის ბრძოლაში, ჩვენი ოჯახების, შვილების, ჩვენი მოქალაქეების უკეთესი მომავლისთვის. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. ჩვენ პოლიციელები ვართ ჩვენი ქვეყნის მსახურები და ეს მუდმივად უნდა გვახსოვდეს. პოლიციამ მთელ მსოფლიოში და სამოქალაქო საზოგადოებამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ჩვენი სამყარო ბევრად უსაფრთხო და უკეთესი გახდეს", - განაცხადა მღებრიშვილმა.
შს მინისტრი გამორჩეულ თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის ვადამდელ წოდებებს მიანიჭებს და სამკერდე ნიშნებსა და მადლობის სიგელებს პირადად გადასცემს.
ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას.
პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე შს სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულმა დანაყოფმა პირადი შემადგენლობა, სპეცტექნიკა და შესაბამისი აღჭურვილობა წარმოადგინა. წლევანდელ ღონისძიებაზე წვევამდელებმა სამხედრო ფიცი პოლიციელის დღეს პირველად დადეს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს დამსწრე საზოგადოების წინაშე ანსამბლები „მძლევარი", „ირაო" და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები" წარდგებიან.