სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი „მწვანე საზღვრის" კვეთის დროს დააკავეს, სადაც პასპორტი არ სჭირდებოდა.
სუს-ის ხელმძღვანელის განცხადებით, გარკვეული ინფორმაცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით ბაქოდან მიიღეს, თუმცა ამ დროისთვის უფრო დეტალურ ინფორმაციას ელოდებიან.
„აფგან მუხტარლი სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არ დაუკავებიათ და ის ე.წ. მწვანე სასაზღვრო ზოლზე აიყვანეს, რომელსაც პასპორტით არ კვეთენ", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
აფგან მუხტარლი თბილისში 29 მაისს, საღამოს გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ბაქოში, სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა. მუხტარლის ბრალი აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე (საზღვრის უკანონო კვეთა) და 206-ე (დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანა) მუხლებით აქვს წარდგენილი.