logo_geo
eng_logo
პირველ ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლა აღინიშნება
- +

31 მაისი. 2017. 17:49



პირველ ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა ჩატარდება.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლენს.


წირვის დასრულების შემდეგ კი უწმინდესი შეკრებილებს ნინოობას მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებითაც მიმარავს.


დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძარში წმინდა ნინოს ვაზის ჯვარს გამოაბრძანებენ და მორწმუნეებს მისი მოლოცვის შესაძლებლობა ექნებათ.


წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა - ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.


წმიდა ნინო ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზურთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა, რომ წერილი წარმართთა მეფისთვის მიერთმია, რადგანაც ამისთვის იყო მოვლენილი. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი.


ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთასწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფოს  მეფე მირიანი და დედოფალი ნანა მართავდნენ.


წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27 იანვარს - გარდაცვალება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner