„გამოძიება იქნება სირთულეებით აღსავსე, მაგრამ ის წინ უნდა წავიდეს და მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად დადგინდეს, რა მოხდა, ვინაიდან ეს ეხება ჩვენი ქვეყნის პრესტიჟსა და სამართალდამცველების რეპუტაციას, როგორ სწრაფად გამოიძიებენ ამ კომპლექსურ და რთულ საქმეს", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, გადაცემა „მთავარში" განაცხადა. როგორც იუსტიციის მინისტრი ამბობს, ის ფაქტი, რომ აფგან მუხტარლი სხვა ქვეყანაში იმყოფება, საქმის გამოძიებას გაართულებს.
„საგამოძიებო პროცესი ყოველგვარი დახანების გარეშე დაიწყო. ის, რომ ეს ადამიანი არის უკვე სხვა ქვეყანაში გაართულებს გამოძიებას, გავარკვიოთ რა არის მომხდარი. ის ძვირფასი ინფორმაცია, რაც გამოძიებას შეიძლება დასჭირდეს, მხოლოდ აფგანმა იცის, რომელიც ბაქოშია. ანუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები, როგორც მისი ადვოკატი გვატყობინებს, ის ჩასვეს მანქანაში და სცემეს კიდეც და ა.შ. და გააქანეს საზღვირსკენ. ვინ იყვნენ, თუ იცნობდა მათ, რა აკავშირებდა მათთან, რა ენაზე საუბრობდნენ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.