30 საზოგადოებრივი საპირფარეშო თბილისში წლის ბოლომდე მოეწყობა. შესაბამისი ხელშეკრულება თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და აუქციონში გამარჯვებულ შპს „კონსალტინგ გრუპს" შორის, დღეს გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, საზოგადოებრივი ტუალეტები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, აღჭურვილი იქნება ჩვილი ბავშვისთვის გამოსაცვლელი მაგიდით, საინფორმაციო წარწერებზე გათვალისწინებული იქნება ბრაილის შრიფტი.
საზოგადოებრივი საპირფარეშო ფასიანი იქნება და მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე სპეციალური ბარათებით, მათ შორის „მეტრომანით".
ხელშეკრულებას ხელი თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კარლო ლაფერაძემ და შპს „კონსალტინგ გრუპის" დირექტორმა შაჰრიარ მოჰამმადიასლმა მოაწერეს.
როგორც „სითი კვირას" თბილისის მერიაში განუმარტეს, თანამედროვე, ავტომატიზირებული და ანტივანდალური მასალებით მოპირკეთებული საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოვლა - პატრონობასა და სანიტარულ -ჰიგიენური ნორმების დაცვას, აუქციონში გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს. მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ცხელი ხაზის მუშაობა კვირაში 7 დღის განმავლობაში, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით.
როგორც კარლო ლაფერაძემ განაცხადა, თბილისის მერიამ, პირველ ეტაპზე, უზრუნველყო 30 ერთეული რეტერატისთვის ადგილის გამოყოფა, სადაც საზოგადოებრივი საპირფარეშოები განთავსდება, თუმცა, დედაქალაქში მათი რაოდენობა საჭიროების მიხედვით გაიზრდება.
„ჩვენი პრინციპული მოთხოვნაა, რომ რეტერატები მსუბუქი კონსტრუქციის, ავტომატიზირებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამ მიმართულებით თბილისის მერია მომავალში აქტიურად იმუშავებს და საჭიროებების გათვალისწინებით, საზოგადოებრივ რეტერატებს ქალაქის მასშტაბით სრულად განათავსებს", - განაცხადა კარლო ლაფერაძემ.
როგორც „სითი კვირას" თბილისის მერიაში განუცხადეს, თბილისის მერიამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში საზოგადოებრივი ტუალეტების მოსაწყობად 30 ადგილი აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას ოცწლიანი სარგებლობის უფლებით გასცა. საზოგადოებრივი ტუალეტები პირველ ეტაპზე განთავსდება მეტროსადგურების: "დიდუბის" ქვედა და ზედა შესასვლელებთან, „ისნის", „ავლაბრის", „ნაძალადევის", „სადგურის მოედნისა" და „სარაჯიშვილის" მიმდებარედ, ბაღებსა და პარკებში და სხვა.