logo_geo
eng_logo
თედო ჯაფარიძე: ბატონ დოლს შევახსენებ, ის კადრები გადაღებულია სააკაშვილის მმართველობისას
- +

5 აპრილი. 2016. 16:50



„ევროპის სახალხო პარტიის" საპატიო პრეზიდენტის, ჯოზეფ დოლის განცხადებამ, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია არჩევნების შემდეგ უნდა მიიღოს, როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ საერთაშორისო პარტნიორების უკმაყოფილება გამოიწვია. ისიც კი ითქვა, რომ ჯოზეფ დოლმა „ნაციონალური მოძრაობის" სურვილი გაახმოვანა. არსებობს თუ არა რისკი, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი შემოდგომისთვის გადავადდეს, ამ კითხვას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე პასუხობს:


- სავსებით გასაგებია ქართული პოლიტიკური სპექტრის, საზოგადოებისა და მასმედიის მძაფრი ინტერესი ევროპის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით. ეს სენსიტიური, დელიკატური ხასიათის, ზედმეტად პოლიტიზებული თემაა. საქართველო დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს აღნიშნავს. ევროპაში კარის შეღება საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ოცნებაა. ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი წევრის მიერ ამ პროცესის დამუხრუჭების მცდელობა არაადეკვატურია და ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს. ევროკავშირმა თავისი პოლიტიკა ყველა ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო. „ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ მიმართულებით ბევრი რამ გააკეთა, ამას ვაღიარებთ, თუმცა მათი მმართველობის დროს არსებობდა დემოკრატიასთან დაკავშირებული პრობლემები. მოდი, ასე ვთქვათ: 2012 წლის შემდგომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ჩვენი ხელისუფლება ატარებს არა ემოციურ, არამედ თანამიმდევრულ, პრაგმატულ და რაციონალურ პოლიტიკას. „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას და, ამასთან, ინსტიტუციონალური დემოკრატიის, რეფორმებისა და მოდერნიზაციის აღმშენებლობას არ შეიძლებოდა შედეგი არ მოეტანა ვიზალიბერალიზაციის საქმეში. ევროპის შესაბამისმა სტრუქტურებმა, სადაც წამყვან თანამდებობებზე „ევროპის სახალხო პარტიის" წარმომადგენლებიც არიან, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას უკვე დაუჭირეს მხარი. ახლა დარჩენილია დეტალები ინპლემენტაციისათვის. დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში ეს საკითხები დადებითად გადაწყდება.


- „ევროპის სახალხო პარტიის" საპატიო თავმჯდომარემ ჯოზეფ დოლმა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად ივნისი მაღალ თამასად მიიჩნია...


- „ევროპის სახალხო პარტიამ" და პირადად დოლმა იციან, რომ ჩვენი ქვეყანა აღმოსავლეთპარტნიორობის პროგრამაში აღიარებული ლიდერია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია მსხვერპლად არ შეეწიროს პოლიტიკურ ამბიციებს და არ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად. არ გამოვრიცხავ, რომ ბატონი დოლი თავის განცხადებებში ეფუძნება მისთვის არასწორად მიწოდებულ ინფორმაციას. გვაქვს გამოწვევები და მათ დასაძლევად სწორედ ევროპელი პარტნიორების დახმარება გვჭირდება. აღსანიშნავია, რომ დოლის საპასუხოდ ორმოცზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გააკეთა განცხადება. იცით, რომ არასამთავრობო სექტორი კრიტიკულად არის განწყობილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ. მათ განაცხადეს, რომ მიუხედავად ზოგიერთი პრობლემისა, ხელისუფლება ბოლო წლებში პოზიტიურ ნაბიჯებს დგამს და საქართველოს ევროპასთან დაახლოება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების წინა პირობაა.


- ჯოზეფ დოლი დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს შეხვდა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ დასავლელ პარტნიორებს დღესაც აქვთ კითხვები ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიასა და გიგი უგულავას პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე?


- ჩვენ ვეუბნებით უცხოელ პარტნიორებს, რომ ჯობია თავად ნახონ, როგორ მუშაობს დემოკრატია საქართველოში, ვიდრე შორიდან გამოთქვან ეჭვები ან ჩაერიონ საშინაო საქმეებში. 2012 წლის შემდეგ ადამიანის უფლებების დაცვასა და კანონის უზენაესობას განსაკუთრებით აკვირდებიან. არავინ დგას ჩვენს ქვეყანაში კანონზე მაღლა. დარწმუნებული ვარ, „ევროპის სახალხო პარტიის" წარმომადგენლებიც ანალოგიურ პოზიციაზე არიან, თუმცა ბატონ დოლს მინდა შევახსენო, რომ ის საზარელი ვიდეოჩანაწერები, რომელთაც ასე მტკივნეულად აღიქვამს საზოგადოება, გადაღებულია სააკაშვილის მმართველობისას. იქნებ დაინტერესებულიყვნენ და თავიანთ პარტნიორებთან გაერკვიათ, რა მიზანს ემსახურებოდა საქართველოში ტოტალური შანტაჟისა და თვალყურის სისტემა. დასვას „ევროპის სახალხო პარტიამ" კითხვა, ვის შეიძლება აწყობდეს საქართველოში დესტაბილიზაცია. სხვათა შორის, მისი განცხადებები ვიზიტის დასრულების შემდეგ გაცილებით ობიექტური იყო...


- საინტერესოა ის გზავნილებიც, რაც აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ფორმატში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააჟღერა. არის თუ არა მუქარა, როდესაც გრიგორი კარასინი მიანიშნებს, რომ რუსეთი არჩევნებს აკვირდება, მანამდე კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებებით უკმაყოფილოა?

 

- ზურაბ აბაშიძემ ღირსეული პასუხი გასცა ბატონ კარასინს. შესაბამისად, მკაცრი იყო ჩვენი პრემიერისა და პარლამენტის წევრების რეაქციაც. ჩვენ გვაქვს პრაგმატული და რაციონალური დიალოგი რუსეთთან, რომელსაც მხარს უჭერენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ჩვენ არ გადავკვეთთ დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წითელ ხაზებს. რუსეთმა პატივი უნდა სცეს ჩვენს არჩევანს და ისწავლოს ჩვენთან (და არა მხოლოდ!) საუბარი როგორც თანასწორ პარტნიორთან.


საპარლამენტო არჩევნების წელია და შესაძლოა, რუსეთმა სიურპრიზები მოგვიმზადოს, გაიზარდოს რუსული პროპაგანდის, ე.წ. რბილი ძალის ფონი, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო გაუძლებს ამ გამოწვევებს.


- აქვს თუ არა რუსეთს ბერკეტი, რომ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციაზე საბოლოო გადაწყვეტილება შეაფერხოს? მით უმეტეს, რომ წინ ვარშავის სამიტიც გველოდება...


- საქართველო კარგად ართმევს თავს „საშინაო დავალებებს" და დამსახურებულ შეფასებას მიიღებს ვარშავაში. რა თქმა უნდა, გლობალურ პოლიტიკაში დასავლეთს უწევს რუსეთის ინტერესების გათვალისწინება, მაგრამ არავის აქვს უფლება, ვეტო დაადოს საქართველოს მოსახლეობის არჩევანს.

 

- როგორ შეაფასებდით კოალიცია „ქართულ ოცნებაში" მიმდინარე მოვლენებს?


- წამყვან ევროპულ ქვეყნებშიც კოალიციური პარტნიორები სწავლობენ კომპრომისზე წასვლას, ინტერესთა ბალანსის დაცვას და ამასთან, არ კვეთენ სტრატეგიულ ხაზებს. რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილება, მისი სუვერენული უფლებაა. ვაფასებ მათთან თანამშრომლობას. როდესაც იცავ ქვეყნის ინტერესებს, პარტიული შეხედულებები მეორეხარისხოვანი ხდება. „ქართული ოცნება" გამოიყენებს მთელ შიდაპოლიტიკურ რესურსს, ცოდნასა და კავშირებს ჩვენი ქვეყნის პოზიციების გასამყარებლად. არავის უნდა შეეპაროს ეჭვი „ქართული ოცნების" „დასავლური ორიენტაციისადმი ერთგულებაში. ძალისხმევას არ ვიშურებთ არა იმიტომ, რომ ვინმეს ვეკეკლუცოთ, ნახეთ, რა მაგარი დემოკრატები ვართო, არამედ იმიტომ, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება ხალხის დაკვეთაა.


რუსუდან შელია


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner