სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სიონში, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებით გამართული სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ ქადაგებისას ტაძარში შეკრებილებს და სრულიად საქართველოს ნინოობა, ასევე წმინდა დავით გარეჯელის ხსენების დღე მიულოცა და წმინდა ნინოს ღვაწლის შესახებ ისაუბრა.
„ჩვენი და კაცობრიობის ისტორიაში ხშირია შემთხვევა, როდესაც ისეთი მნიშვნელოვანი პიროვნება გამოჩნდება, რომლის გავლენა არის მთელი საუკუნის მანძილზე და სანამ იარსებებს ეს დედამიწა, მუდამ იქნება მათი გავლენა. აი, ასეთი პიროვნება ბრძანდება წმინდა ნინო, რომელიც კაბადოკიიდან საქართველოში ჩამოვიდა და შეცვალა ერი, კულტურა, სარწმუნოება და დააყენა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. წმინდა ნინო არის ის პიროვნება, რომლის გავლენა მუდამ იქნება ისტორიის მანძილზე. თქვენ წარმოგიდგენიათ, წმინდა ნინო რომ არ ყოფილიყო, რა იქნებოდა საქართველო? ან იქნებოდა ქრისტიანობა საქართველოში?" - განაცხადა უწმინდესმა.
პატრიარქმა თხოთის მთაზე მომხდარი სასწაული გაიხსენა, როდესაც მეფე მირიანს თვალთ დაუბნელდა, რის შემდეგაც მეფემ წმინდა ნინოს ღმერთს მიმართა ლოცვით და თვალები აეხილა.
„ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ წმინდა ნინო არის განსაკუთრებული პიროვნება საქართველოსთვის და ყოველ დღე ჩვენ უნდა ვადიდებდეთ წმინდა ნინოს და უფალს, რომელმაც მისცა წმინდა ნინოს ეს ძალა", - განაცხადა პატრიარქმა.
უწმინდესმა დალოცა საქართველო და უსურვა, რომ დავით გარეჯელის ღვაწლი და მადლი შეეწიოს ქვეყანას, რომლის ხსენებაც ასევე დღეს არის.