იტალიის ერთ-ერთი პატარა სოფლის მცხოვრებლებს მეცნიერულად შეისწავლიან. ამის მიზეზი იმის დადგენაა, თუ რატომ ცოცხლობენ ისინი ძალიან დიდხანს.
სამხრეთ იტალიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე სოფელ აჩაროლის (პროვინცია სალერნო) მცხოვრებთა მესამედი ანუ 300 ადამიანი 100 წელს გადაცილებულია.
კვლევა, რომელსაც ამერიკელი და იტალიელი მეცნიერები ჩაატარებენ, შეეცდება დაადგინოს აჩაროლელთა ხანდაზმულობის საიდუმლო. აჩაროლი ცნობილია გულის დაავადებებისა და ალცჰაიმერის საკმაოდ დაბალი მაჩვენებლით.
„ამ საკმაოდ ხანგრძლივი კვლევის მიზანია, დავადგინოთ, როგორ მიაღწიეს ამ ადამიანებმა 100 წელზე მეტს. ჩავატარებთ სრულ გენეტიკურ ანალიზებსა და გამოვიკვლევთ მათი ცხოვრების სტილს, კვების რაციონს", - აღნიშნავს სან-დეიგოს მედიცინის სკოლის გულ-სისხლძარღვთა მედიცინის პროფესორი, დოქტორი ალან მაიზელი.
სოფლის მცხოვრებთა რაციონში შედის ხმელთაშუაზღვისპირეთის პროდუქტები. „ყველა მათგანი ყოველდღიურად ანჩოუსებს მიირთმევს", აღნიშნავს ამერიკელი კარდიოლოგი.
ანჩოუსების გარდა, აჩაროლელთა რაციონში აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს როზმარინი, რომელსაც ყველა კერძს უმატებენ. მეცნიერთა გასაოცრად, ხანდაზმულები დიდ დროს ატარებენ რესტორან-კაფეებში, სადაც ფინჯან ყავასა და ღვინოს მიირთმევენ.
სოფლის მცხოვრებთა ხანგრძლივი სიცოცხლის მიზეზი შესაძლოა ასევე დიდ მანძილზე ფეხით სიარული იყოს, განსაკუთრებით ბორცვიან ლანდშაფტზე, რაც მათი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
წყარო: The Independent