logo_geo
eng_logo
„ჭაბუკებად დარჩნენ მარად“...
- +

5 აპრილი. 2016. 18:00



ქართულ ლიტერატურას ბევრი ღირსეული პოეტი და მწერალი ჰყავს, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებით დაიმკვიდრეს თავისი ადგილი ქართულ მწერლობაში. მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებმაც ეს დამსახურებული ადგილი და სახელი ადრეულ ასაკში მოიხვეჭეს და ტრაგიკული ბედის გამო ცხოვრება ადრევე დატოვეს, - თითოეულმა 30 წელიც ვერ იცოცხლა, სამაგიეროდ, დაგვიტოვეს საკმაოდ მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა.


ნიკოლოზ ბარათაშვილი

 

რომანტიკოსი პოეტი ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი გაღარიბებული არისტოკრატის, მელიტონ ბარათაშვილის ოჯახში 1817 წელს დაიბადა.

დედა - ეფემია, ერეკლე II-ის შვილიშვილი და გრიგოლ ორბელიანის და გახლდათ.

თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში ნიკოლოზის მასწავლებელი სოლომონ დოდაშვილი იყო, რომელმაც სერიოზული გავლენა მოახდინა მასზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ბარათაშვილი უმაღლესი განათლების მიღებაზე ოცნებობდა, მაგრამ უსახსრობის გამო ამას ვერ მიაღწია. ხეიბრობის მიზეზით (გიმნაზიაში სწავლისას ფეხი კიბეზე დაცემით დაიშავა) კი პოეტის განზრახვა - მოქმედ არმიაში ემსახურა, განუხორციელებელი დარჩა. ბარათაშვილის ყველა გეგმას, ყველაფერთან ერთად, ხელს უშლიდა მამის ოჯახის სრული გაღატაკების საფრთხეც. ამიტომ პოეტი იძულებული გახდა, კანცელარიის რიგითი მოხელის ადგილს დასჯერებოდა. მის მწვავე უკმაყოფილებას თან დაერთო პირადი დრამაც (გაუზიარებელი სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძისადმი).

მოგვიანებით ნახიჩევანში მაზრის მმართველის თანაშემწედ დაინიშნა, ხოლო 1845 ივნისს იმავე თანამდებობაზე განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ, 27 წლისა, მალარიით მძიმედ დაავადდა და დაიღუპა. ბარათაშვილის გადმოსვენება 1893 წელს განჯიდან თბილისში (დიდუბის პანთეონი) ეროვნული მანიფესტაციას ჰგავდა. 1938 წლიდან პოეტის ნეშტი მთაწმინდის პანთეონში განისვენებს.


გურამ რჩეულიშვილი

 

მწერალი გურამ რჩეულიშვილი დაიბადა 1934 წლის 4 ივლისს თბილისში. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა ისტორიის ფაკულტეტზე უნივერსიტეტში განაგრძო. პირველი მოთხრობები, რომლებმაც წარმატება მოუტანა, ჟურნალ „ცისკარში" გამოაქვეყნა.

მწერლის სიცოცხლეში მხოლოდ შვიდი მოთხრობა გამოქვეყნდა. მოთხრობების პირველმა კრებულმა („სალამურა") დღის სინათლე უკვე მისი გარდაცვალების შემდეგ ნახა. რჩეულიშვილის პროზამ თავიდანვე მიიპყრო ყურადღება. მისი ნამუშევრები - ნოველები, მინიატურები, პიესა თარგმნილია გერმანულ, უნგრულ, ბულგარულ, ლიტვურ, ჩეხურ, რუსულ ენებზე. მწერალს შესანიშნავი წიგნები უძღვნა მეგობარმა ნუგზარ წერეთელმა: „მე ახლაც ოცდაექვსი წლის ვარ" და „აი, მე, გურამი ვდგავარ თქვენს წინ". მისი სცენარებით გადაღებულია ფილმები - „ალავერდობა", „უსახელო უფლისციხელი". რჩეულიშვილი თავის თაობაში გამორჩეული იყო ცხოვრებისეული და მწერლური სტილით, მუდამ განსაცდელს ეჭიდებოდა, თითქოს ეძებდა კიდეც და შეეწირა კიდეც სხვისი სიცოცხლის გადარჩენას....26 წლის იყო, როდესაც გაგრაში 1960 წლის 23 აგვისტოს ტრაგიკულად დაიღუპა, - მღელვარე ზღვაში უცნობი რუსი ქალიშვილის გადასარჩენად გადაეშვა.

დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე.


ლადო ასათიანი

 

პოეტი ლადო ასათიანი დაიბადა 1917 წელს ქუთაისში, პედაგოგების ოჯახში. საშუალო განათლება მშობლიურ სოფელ ბარდნალაში მიიღო. წარმატებით დაამთავრა ცაგერის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი, შემდეგ კი ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტიც გახდა.

1939 წელს ტუბერკულოზით დაავადებული პოეტი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო ექიმებმა გულისხმიერება გამოიჩინეს და ავადმყოფი პოეტი უკან დააბრუნეს.

1940-1941 წლებში გამომცემლობას გამოსაცემად ლექსების პირველი კრებული „წინაპრები" ჩააბარა. წიგნი 1943 წელს დაიბეჭდა და პოეტს 10 საავტორო ეგზემპლარი გაუგზავნეს. ამ ათი ეგზემპლარის გარდა არც ერთი არ გაუვრცელებიათ, რადგანაც გაანადგურეს, დაჭრეს, როგორც არასაბჭოთა სულისკვეთების წიგნი. პოეტი 1943 წლის ივლისში, 26 წლის ასაკში  გარდაიცვალა.


მირზა გელოვანი

 

პოეტი მირზა გელოვანი თიანეთის რაიონის სოფელ ნაქალაქარში 1917 წელს დაიბადა. 1936-1939 წლებში ცხოვრობდა თბილისში და თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში. მუშაობდა გამომცემლობაში, რედაქციაში. მისი ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. 1939 წელს არმიაში გაიწვიეს.

მირზა გელოვანმა თავისთავადი პოეტური სამყარო შექმნა. მისი ლექსები გამოირჩევა ნათელი სახეებით, ემოციურობით... პოეტმა სულ სამი წელი იტრიალა დედაქალაქის ლიტერატურულ წრეებში, შემდეგ კი, ომში წასული, დროდადრო სამშობლოში აგზავნიდა ლექსებსა და წერილებს, რომლებშიც თბილისის მონატრება ჩანდა. გარდაიცვალა ომის მიწურულს, 27 წლის ასაკში, 1944 წლის ივლისში, როდესაც უკანგაქცეულ მტერს დადევნებული დასავლეთ დვინის სამდინარო დაბრკოლებაზე გადადიოდა. დაკრძალულია ბელარუსში, ვიტებსკის ოლქის ბერენკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner