logo_geo
eng_logo
ხიდისთავში 50 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
- +

1 ივნისი. 2017. 22:21


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში 50 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. საბავშვო ბაღი დღეს გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ჩოხატაურის გამგებელთან ირაკლი კუჭავასა და საკრებულოს თავმჯდომარესთან ზაალ მამალაძესთან ერთად გახსნა.


„ჩვენს პატარებს ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ვუსურვებ უამრავ ნათელ, ლამაზ, სიხარულით აღსავსე დღეებს. ძალიან მიხარია, რომ სწორედ დღევანდელ დღეს გაიხსნა სოფელ ხიდისთავში არაჩვეულებრივი საბავშვო ბაღი. ამიერიდან ჩვენი პატარები ლამაზ გარემოში შეუდგებიან სწავლას, სადაც შეიძენენ საჭირო უნარ-ჩვევებს. მინდა აღვნიშნო, რომ გურიის რეგიონში ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. რეგიონში 2013 წლიდან დღემდე ეტაპობრივად 103 ბაღის შენობა რეაბილიტირდა, მათ შორის სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 7-ს და აშენდა 12 საბავშვო ბაღი" , - განაცხადა გია სალუქვაძემ.


როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ აღნიშნა, სოფელ ხიდისთავში, ამორტიზირებული საბავშვო ბაღის ნაცვლად, აშენდა 2 სართულიანი, ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი, თანამედროვე სტანდარტების მქონე საბავშვო ბაღი. სოფელი ხიდისთავი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი დიდი სოფელია და მოსახლეობის მოთხოვნა და სურვილი სწორედ ახალი ბაღის შენობის მშენებლობა იყო. ბაღის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, რომლის ღირებულება 199 980 ლარს შეადგენს.


დღესვე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფელ ხიდისთავში ახალი, ორმხრივი მოძრაობის, ტროტუარებით კეთილმოწყობილი ხიდი მოინახულეს, რომელიც 2016 წლის დასაწყისში, უხვი ნალექის შედეგად გამოწვეულმა სტიქიამ დააზიანა.


ხიდი უზრუნველყოფდა ჩოხატაურის რამდენიმე სოფლის (ხიდისთავი, ახალშენი, ზენობანი, მეწიეთი, წიფნაგვარა, ჭაჭიეთი- 1500-მოსახლე) დაბა ჩოხატაურთან დაკავშირებას. მისი დაზიანების პერიოდში მოსახლეობა სარგებლობდა შემოვლითი გზით, რომელიც გზას საგრძნობლად აგრძელებდა და სოფლის მაცხოვრებელთათვის დისკომფორტს წარმოადგენდა. ამიერიდან კი მოსახლეობა ხიდისთავის ხიდის საშუალებით ისარგებლებს ცენტრთან დამაკავშირებელი უმოკლესი მანძილით.


ხიდის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, რომლის ღირებულებაც 1 699 999 ლარს შეადგენს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner