რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთი სახელმწიფო დონეზე არ არის დაკავებული ჰაკერული თავდასხმებით, პირიქით ცდილობს შეებრძოლოს მათ. მისი აზრით, ჰაკერებს არ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ საარჩევნო კამპანიაზე.
„ჰაკერები თავისუფალი ადამიანები არიან, როგორც მხატვრები - დილით კარგ განწყობაზე რომ დგებიან და ხატავენ. ასე არიან ჰაკერებიც: იღვიძებენ, კითხულობენ, რომ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში რაღაც მოხდა და თუ პატრიოტულად არიან განწყობილნი, იწყებენ საკუთარი წვლილის შეტანას იმაში, რასაც მართებულად მიიჩნევენ მათთან ბრძოლაში, ვინც ცუდად მოიხსენიებს რუსეთს. თეორიულად ეს დასაშვებია... არც ის არის გამორიცხული, რომ ვიღაც სპეციალურად აწყობს თავდასხმების ჯაჭვს ისე, რომ ამის წყაროდ რუსეთის ტერიტორია მოინიშნოს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.