საქართველოში დაბადებული და აღზრდილი მოქანდაკე გელა კესიდი, უკვე კარგა ხნის სახელმოხვეჭილი, საერთაშორისო აღიარების მქონე შემოქმედია. მისი ქანდაკებები ამშვენებენ მსოფლიოს არაერთ ქალაქს (ათენი, პარიზი, რომი, ლონდონი, პეკინი და ა.შ.) და გალერეას. გელა კესიდი 25 წელიწადია, რაც ისტორიულ სამშობლოში - საბერძნეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, თუმცა, ცხადია, საქართველოსთან არც პიროვნული და არც შემოქმედებითი კავშირი არ გაუწყვეტია, პირიქით, მის მოღვაწეობაში პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს მინიჭებული ქართული ხელოვნების საზღვარგარეთ პოპულარიზაციას, ქართულ-ბერძნული ურთიერთობების განვითარებას, რაზეც მისი საქმენი მეტყველებენ.
ამჯერად, გელა კესიდიმ სხვა რაკურსით წარმოაჩინა საკუთარი დამოკიდებულება საქართველოსადმი - თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული (ცნობილი ხელოვანის - გიორგი ოჩიაურის აღზრდილი) მადლიერების ნიშნად საჩუქრად გადასცემს საქართველოს, თბილისს, ქართულ საზოგადოებრიობას თავის ერთ-ერთ საუკეთესო ქმნილებას - მცირე ზომის საპარკო ქანდაკებას, რომლის სახელწოდებაა „განსხეულებული პოეზია - საფო". ქანდაკების შინაარსობრივი დატვირთვის შესაბამისად, მისი მომავალი სამყოფელი იქნება ივანე მაჩაბლის ქუჩაზე (#13) მდებარე მწერალთა სახლის ბაღი.
3 ივნისს, 15 საათზე, ასოციაცია „კულტურათა დიალოგი XXI"-ის (პრეზიდენტი - ვალერი ასათიანი) და საქართველოს კულტურის ფონდის (თავმჯდომარე - თამაზ შილაკაძე) მეოხებით გელა კესიდის ქანდაკება საზეიმოდ გაიხსნება.
შემოდგომაზე კი, ეროვნულ გალერეაში შედგება მოქანდაკის პერსონალური გამოფენა, გამოიცემა მისი ნამუშევრების ალბომი-კატალოგი. ყოველივე ეს ხორციელდება ასოციაცია „კულტურათა დიალოგი XXI"-ის და საქართველოს კულტურის ფონდის მიერ, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების, საზოგადოებრიობის თანადგომით.