logo_geo
eng_logo
ეს ის მიშა მესხია, რომლის ფინტის სანახავად ხალხი ტრიბუნიდან ტრიბუნაზე დარბოდა...
- +

5 აპრილი. 2016. 19:05



ერთი ასეთი ისტორია მიამბეს:

1980-იანი წლების ბოლოს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონს, სადაც თბილისის „დინამოს" მორიგი თამაში უნდა გამართულიყო, შუატანის ხნიერი მამაკაცი მიუახლოვდა.  ბილეთი რომ მოსთხოვეს,   ჯიბეები მოისინჯა - საშვი შინ დარჩენოდა. უბილეთო კი სტადიონზე  არ შეუშვეს, - უხმოდ შებრუნდა და წავიდა. ის კაცი მიხეილ მესხი იყოო. ვერ გეტყვით, რამდენად შეესაბამება ეს ამბავი სიმართლეს, თუმცა, ამის მომყოლს რა რჯიდა, ტყუილი ეთქვა.  გული ჩამწყდა, სამწუხაროდ, ხდება ზოგჯერ, რომ ადამიანს, ვისაც აღფრთოვანებაში მოჰყავდა ათიათასობით გულშემატკივარი, მალე ვივიწყებთ, პატივისცემას ვინ ჩივის, სტადიონზეც არ ვუშვებთ. არადა, ეს ის მიშა მესხია, რომელმაც თხუთმეტიოდე წლით ადრე  სსრკ-ის ნაკრებთან ერთად „მარაკანას" სტადიონზე მსოფლიოს ჩემპიონ, ბრაზილიის ეროვნულ გუნდთან შეხვედრისას პელეს ბურთი ფეხებშუა გაუძვრინა. „ფეხბურთის მეფე" შეცბა, შემდეგ ახარხარდა, მეტოქეს წამოეწია, ზურგზე შეახტა და კოცნა დაუწყო... „მარაკანაზე" შეკრებილი 120 ათასი გულშემატკივარი მესხის ფინტებმა ისე გააოცა, რომ ,,მესხი-მესხი"-ს სკანდირება დაიწყეს, თამაშის შემდეგ კი მისი და კიდევ ერთი ქართველის სლავა მეტრეველის მაისურები დახიეს და რელიკვიად დაინაწილეს. სწორედ იმ თამაშის მერე გასახდელში პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმა, სენატორი რობერტ კენედი ჩავიდა და ჩვენს გარემარბებთან ფოტოები გადაიღო. ეს ის მიშა მესხია, რომლის ფინტის სანახავად ხალხი ტრიბუნიდან ტრიბუნაზე  დარბოდა, სტადიონზე მისულს კი ცხენოსანი მილიცია იცავდა გულშემატკივრებისგან, რომლებიც, რა თქმა უნდა, არაფერს დაუშავებდნენ, უბრალოდ, კიდევ ერთხელ უნდოდათ თვალი მოეკრათ კერპისთვის...

თხუთმეტი წლის მერე კი... სტადიონზე არ შეუშვეს...




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner