logo_geo
eng_logo
ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძესა და მეგის ქარდავას შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეთ
- +

2 ივნისი. 2017. 15:23



თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას, გენშტაბის ყოფილ უფროსს გიგი კალანდაძესა და პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს მეგის ქარდავას შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეთ. საუბარია შპს „ფლაი აჭარასთვის" საფრენი აპარატების, ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების ჩამორთმევის საქმეზე.


პროკურატურაში ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით შეხვედრის შემდეგ კომპანია „ფლაი აჭარას" წარმომადგენელმა ნოდარ კაკაბაძემ განაცხადა, რომ მისთვის სამხედრო ტექნიკის ჩამორთმევაში უშუალოდ ბაჩო ახალაია მონაწილეობდა.


კაკაბაძემ გაიხსენა დაკავების პერიოდი და განაცხადა, რომ 2009 წელს მისი კომპანიის ქონებით დაინტერესების შედეგად, უკანონოდ დააკავეს კომპანიის ორ უკრაინელ მფრინავთან ერთად.


რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ კი, „ფლაი აჭარის" წარმომადგენლობამ აღნიშნულის შესახებ აცნობა უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტს, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრა გამართა.


ამის შემდეგ დაკავებულები მყისიერად გაათავისუფლეს. კაკაბაძის თქმით, მან სააკაშვილისგან ჯილდო მიიღო, თუმცა კომპანიის ქონების ჩამორთმევას ვერ გადაურჩა.


მას შემდეგ რაც გამათავისუფლეს, მოვიდნენ კომპანიაში და წაიღეს რამდენიმე ასეული ათასის ქონება, რომელიც განთავსდადელტას" საწყობში. მოვითხოვ, რომ დაისაჯოს ბაჩო ახალაია და ყველა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა", - განაცხადა ნოდარ კაკაბაძემ.

 

კომპანია „ფლაი აჭარის" წარმომადგენლები პროკურატურაში მათ ინტერესების დამცველ იურისტთან ერთად იმყოფებოდნენ.


როგორც ოფო ხორგუანმა „საზოგადოებრივს" განუცხადა, ქონების დაბრუნების შემდეგ გრძელდება სამართლებრივი პროცედურები და პასუხისგებაში უნდა მიეცნენ  ბაჩო ახალაია, გიგი კალანდაძე და მეგის ქარდავა.


პარალელურად, ხორგუანის განმარტებით, ნოდარ კაკაბიძის უკანონო პატიმრობის საქმეზე დაზარალებული კაკაბაძე ხელახალი გამოძიების ჩატარებას ოფიციალურად მოითხოვს.


ბაჩო ახალაია პატიმრობაში, ხოლო გიგი კალანდაძე და მეგის ქარდავა ძებნაში იმყოფებიან.


პროკურატურის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ კომპანიებს  „ფლაი აჭარასა" და შპს „ავიატორს" უკანონოდ ჩამორთმეული საფრენი აპარატები დაუბრუნდებათ. ამ საქმესთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეხვედრა გაიმართა. 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner