ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი პრეზიდენტის აუდიტის სამსახურში ვიზიტსა და მის განცხადებას „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში" გამოეხმაურა.
როგორც სუბარი აღნიშნავს, პრეზიდენტი თავისი შეფასებებით ყოველდღიურად აოცებს.
„ყოველდღიურად, სულ უფრო და უფრო გვაოცებს პრეზიდენტი თავისი შეფასებებით. მართლაც ძალიან უცნაური გაგება აქვს იმისა, თუ რა არის სახელმწიფო ინსტიტუტები და რა არის სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა და მათი დისკრედიტაცია. თუკი სახელმწიფო აუდიტორი იტყვის, რომ მას თავს დაესხნენ, იმ დღესვე გამოძიების გარეშე თუ არ მოხდა მის განცხადებაში ნახსენები პირების დაკავება, მისჯა, წამება ან ჩამოხრჩობა, ესე იგი, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაცია. ხოლო თუკი საზოგადოება ორივე მხარის პოზიციას მოისმენს, ნახავს ვიდეოს, სადაც არ ჩანს ნათლად აუდიტორზე თავდასხმა, თუკი ნახავს ვიდეოს, სადაც ის იარაღით ხელში თავს ესხმის ბარის თანამშრომლებს, ესე იგი, ეს დანაშაულია, ხო?", - ამბობს სუბარი.
სუბარმა სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ლაშა თორდიასგან ვაჟკაცური საქციელი იქნებოდა თანამდებობის დატოვება.
„სახელმწიფო მოხელე, რომელიც არ ვიცი, ფხიზელი, არაფხიზელი, კაიფში, არაკაიფში, ბარში იარაღით ხელში დგას, მას უნდა ეყოს ვაჟკაცობა, რომ მეორე დღესვე დატოვოს თანამდებობა. ეს იქნებოდა სახელწიფო ინსტიტუტების დაცვისკენ მიმართული ვაჟკაცური და პროფესიონალური საქციელი", - ამბობს სოზარ სუბარი.