დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მავნებლის - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით ლანჩხუთში, ჩოხატაურში და ოზურგეთში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ გურიის გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახური და დაინტერესებული პირები.
როგორც ცნობილია, მწერმა 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავალს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ თხილის გარდა, ფაროსანა აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის 300-მდე სახეობას, კენკროვანებს, ბოსტნეულ კულტურებს. განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, სიმინდს და ციტრუსოვნებს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა მოსავლის რაოდენობის 70 %-იც კი შეადგინოს.
შეხვედრაზე სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ისაუბრეს პრეპარატის შესახებ, რომელიც უკვე შემოტანილია საქართველოში და ამ ეტაპზე იტესტება. მათი თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან გადამზადდება ის კადრები, ვინც უნდა შეასრულოს წამლობის ღონისძიება, წამლობის პროცესი კი რამოდენიმე დღეში დაიწყება იმ სოფლებში, სადაც მავნებლის ოდენობა დასაშვებ ზღვარს გადააჭარბებს.
სპეციალისტების განმარტებით, აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა, რათა ზიანი არ მიადგეს ადამიანს, პირუტყვს, ფრინველს, თევზს და ფუტკარს.
შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ გამგებლის წარმომადგენლები, დეპუტატები და შესაბამისი სოფლების მეფუტკრეები, რომლებსაც დაწვრილებით განემარტათ ჩასატარებელი ღონისძიებების დეტალები, უსაფრთხოების ნორმები და გამოსაყენებელი პრეპარატის ინსტრუქცია. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატების დადებითი და უარყოფითი თვისებები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.