ავტორი ვახტანგ კობაიძე
ამ დღეებში მარჯანიშვილის თეატრის სხვენის სცენაზე შედგა ნოდარ დუმბაძის პიესის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" პრემიერა ლაშა მესხის რეჟისორობით. სპექტაკლი წარმოადგინა საბავშვო თეატრმა „თეატრი მეორე სახლი-2", რომელსაც დღიდან დასაბამისა ხელმძღვანელობს ლაშა მესხი. ეს პროექტი იმითაც არის საყურადღებო, რომ მასში მონაწილეობდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ბავშვები დასის ძირითად წევრებთან ერთად.
აქვე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ სამივე შშმ ბავშვმა - გიგი ანთაძემ, გიორგი ჯიქიამ და ნიკოლოზ იორამაშვილმა იმდენად კარგად იმუშავეს, რომ ისინი ჩაირიცხნენ და მონაწილეობას მიიღებენ „თეატრი მეორე სახლი-2"-ის სხვა სპექტაკლებშიც.
სპექტაკლმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის ხელმძღვანელობამ, რეპეტიციებისა და სპექტაკლების ჩასატარებლად თეატრის სხვენის სცენა უსასყიდლოდ დაუთმო „თეატრი მეორე სახლი-2"-ს. პროექტი განხორციელდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, რათა განხორციელებულიყო სახელმწიფო პროგრამა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრირებული კონცერტების, გამოფენების, დადგმების ხელშეწყობა".