კი, ნამდვილად ეგრეა, „ნაცებს" ბოლო სტადია აქვთ, რაც გამოიხატება შემდეგი სიმპტომებით: მოჩვენებები, ერთი ადგილის ქავილი... შეგრძნება, რომ დედამიწა მათ გარშემო ტრიალებს და მისი მამოძრავებელი ძალა მიხეილ სააკაშვილია. ყველაზე მთავარი სიმპტომი - ზიზღი ყველაფრისადმი, რაც არ უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას". ეს უკანასკნელი გამოიხატება დორბლიანობაში, ცოფიანობასა და პერიოდულად ვითომ კარგ ხასიათიანობაში, მხოლოდ მტრის ჯინაზე. არის კიდევ ერთი, ძალიან სერიოზული მოვლენა, რასაც პოპულარულ ენაზე ჰქვია არაადექვატურობა... ესე იგი, ხშირად „ნაციონალები" იქცევიან ისე, თითქოს აქ არიან და არც არიან, რაღაც ისეთ სიგიჟეს წამოაწვენენ, გეგონება, ეს ესაა ჩამოფრინდნენ მარსიდანო. აი, მაგალითად, ავიღოთ მარიამ საჯაიას მეტად „შთამბეჭდავი" გამოხტომა, ანუ განცხადება, რომელმაც თურმე გადაწყვიტა, მეგობრებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სამოგზაუროდ წავიდეს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება დააფინანსებს:
"4 ნიჭიერი ადამიანი შევიკრიბეთ - 9 ქვეყნის მოვლა გადავწყვიტეთ, ვადად 3 თვე ავიღეთ და არასაკმარისი ბიუჯეტით ვიწყებთ ოცნების ასრულებას. 2 კვირაში მივდივართ! ეს ერთი ამბავი ვრცელი იქნება. ერთგვარი "კუსტარული" მაგრამ ზე-რეალური რეალითი-შოუ... მძაფრი ემოციებით, დაძაბულობებით, რთული ფიზიკური პირობებით, განსხვავებული გეოგრაფიული, კულტურული და სოციალური გარემოებით, ამ სამყაროში და საკუთარ თავში მოგზაურობით. მზად ვართ თავგადასავლისთვის, გადარჩენისთვის, ერთმანეთის გატანისთვის ან დაჭმისთვის, ხალხის-დაძაბულობისთვის და ამის თქვენთვის გაზიარებისთვის... ყველაფერი კი იმით იწყება, რომ მე სამსახური დავტოვე, ვტოვებ უძვირფასესს - შვილს, მეგობრებსაც, ჩემს კომუნასაც და კომფორტის ზონასაც. ჰო, კიდევ ყვავილებს ვტოვებ, 23 ცალ შვილს... ჩანთას ვალაგებ და მივდივარ. სომხეთი, ირანი, პაკისტანი, ინდოეთი, მიანმარი, ტაილანდი, მალაიზია, სინგაპური, ინდონეზია - მანტრასავით ვიმეორებთ ბოლო დღეებია. და ვართ დიდ სამზადისში რეალითი შოუს 4 მონაწილე, და აქ შემოჰკრას ფანდრაიზინგის ზარმა! ყველანაირი დახმარება და ხელის წაშველება გვინდა: სპონსორიან - თითო ადამიანისგან 2-3-5-10 ლარიანად... იმიტომ, რომ ხელში გვიჭირავს მხოლოდ სამოგზაურო მოტივაცია, ზუსტი გეგმა და მცირე თანხა, რაც მხოლოდ წასასვლელად მომზადებაში შეიძლება დაიხარჯოს".
ალიო... ალიო... მიშა, კეზერ, იმანო, ამანო, სად ხართ, გოგო-ბიჭები ტოვებენ შვილებს, ამეებს, იმეებს, თავგადასავლები უნდა დაიტრიალონ საკუთარ თავებზე, რათა აქ შემოჰკრას ფანდრაიზინგის ზარმა! ეს არ გეგონოთ კაკაბეთის ზარი, ეს ფინანსური ზარია! ჰოდა, მიხეილ, ალიო... რა გაგიჭირდა ამისთანა, რომ შენმა „გოგოშკებმა" საზოგადოებისკენ დაიწყეს ხელის გამოშვერა?! არ გეკადრება, მაი ამბავი, სულ გაიძახით, ქართული საზოგადოება შიმშილით კვდება, ქვეყანა ჩამოიშალა, განადგურდა, აფეთქდა, მორჩა, დალპა, დაჭაობდაო და ამ დროს ისევ აქეთ გვთხოვთ დახმარებას?!
ჰი, ჰი, ჰი... თქვე ოღრაშებო, რა კაი რამე მოგიფიქრებიათ, აქამდე სად იყავით? ეგრე ხომ ყველა იმოგზაურებს სომხეთში, ირანში, პაკისტანში, ინდოეთში, მიანმარში, ტაილანდში, მალაიზიაში, სინგაპურში, ინდონეზიასა და თუნდაც სამეგრელო-ზემო სვანეთში?!
***
თქვენ წარმოიდგინეთ, „ნაციონალებს" ყოველდღიურად აქვთ გულახდილობის 5 წუთი. ესე იგი, დღეში ერთხელ მომენტალურად ავიწყდებათ, რომ სააკაშვილის პათოსით უნდა იცხოვრონ და უცებ ხდებიან გულწრფელები, ანუ ჩვეულებრივი ადამიანები. აი, სწორედ ასეთ მომენტში დავიჭირე გიგი უგულავას ყოფილი შოფერი, დევნილთა ყოფილი მინისტრი კობა სუბელიანი (სტილი დაცულია):
„მადლობა ჩემო ფეისბუქ მომხმარებლებო, მეგობრებო, მეგობრის მეგობრებო, ფრენდებო, არაფრენდებო, ფოლოუვერებო, ოპონენტებო, კრიტიკოსებო, მლანძღველებო, სამართლიანად თუ უსამართლოდ მაგინებლებო.
თქვენთან ურთიერთობით ძალიან გავიზარდე, გამოვიცვალე. მარცხმაც და ცოტა ასაკის მატებამაც თავისი ქნა ალბათ და ახლა სულ სხვა ადამიანი ვარ ვიდრე ვიყავი, უფრო სწორედ ადამიანი იგივე ვარ მაგრამ მგონი ცოტა უფრო სხვა კუთხეებიდანაც ვიყურები ვიდრე ვიყურებოდი. ( სხვა თუ არაფერი სასვენი მიშნების გამოყენება ხომ მაინც ვისწავლე. მთლად ბოლომდე ვერა მარა მაინც.
ყოველდღიურად ვგრძნობ ცვლილებებს ჩემში და მადლობა ამისთვის უკლებლივ ყველას და განსაკუთრებით მაგინებლებს რადგან ვცდილობ ბევრი ვიფიქრო ხოლმე რომ ნაკლები ობიქტური მიზეზი მოგცეთ საგინებელად და ესეც უკვე მიღწევაა ერთგვარი ჩემი აზარტული ჩანაფიქრების შესასრულებელ ვირტუალურ სიაში.
მოკლედ გულწრფელ მადლობას გიხდით უკლებლივ ყველას. თქვენით ვინარჩუნებ წონასწორობას და ყველას, თქვენ და უნებლიეთ განუსაზღვრელი და ფას დაუდებელი როლი გაკისრიათ ამ საქმეში.
და ბოლოს განსაკუთრებული და ჩემ მხრიდან სუბიექტური მადლობა იმათ ვისაც გიყვარვართ და ვისგანაც პატივისცემას ვგრძნობ და ეს უტყუარი გრძნობაა".
აჰა, მეტი რაღა გინდათ? კაცი იძახის, მარცხმა და ასაკმა გამომცვალა, ის აღარა ვარ, რაც ვიყავ, ბოლო-ბოლო, სასვენი ნიშნების დასმა მაინც ვისწავლე, ბოლომდე ვერა, მაგრამ მაინცო... უგულავას შოფერი ვიყავ, სასვენი ნიშნები არ მჭირდებოდა, მინისტრი ვიყავ, მით უმეტეს, არ მჭირდებოდა... საერთოდ, მინისტრობას სასვენი ნიშნები კი არა, წერა-კითხვის ცოდნა საერთოდ არ სჭირდება... ყოველ შემთხვევაში, მიშას დროს არ სჭირდებოდა, რადგან ეგეთი რაღაცები თვით მიშასაც ეზიზღებოდა, სასვენ ნიშნებს დასანახად ვერ იტანდაო!
ჰოვო, ნუ გიკვირთო, - განაგრძობს კობა სუბელიანი გულახდილობის ჟამს, - მე ბევრ რამეზე დავფიქრდი და მივხვდი, რო სულ სხვა კაცად ვიქეციო. ჰა, ჰა, ჰა... ცოტა ხანში სუბელიანი იტყვის, ბიძინა ივანიშვილი ყველაფერში მართალიაო, ეხლა დავინახე, სულ სხვანაირი კაცი ყოფილაო. რა ეშველება ახლა ამას, პატივცემულო საზოგადოებავ? არაფერი, გაუვლის 5-წუთიანი გულწრფელობის ეტაპი და დაიწყებს ისევ, მე ვარ და ჩემი ნაბადიო! ეგ არი „ნაციონალების" ტვირთი - ბოღმა!
გელა ზედელაშვილი