ლონდონში მომხდარი ინციდენტების შემდეგ, სამი სავარაუდო თავდამსხმელი ლიკვიდირებულია - პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება The Guardian-ი.
The Sun-ი კი წერს, რომ დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სპეცდანაყოფი - SAS ლონდონში განხორციელებულ თავდასხმებში მონაწილე ბოლო ეჭვმიტანილს ეძებს. გაზეთის ცნობით, ამ დროისთვის, მხოლოდ ერთი ბოროტმოქმედია თავისუფლებაზე.
მოწმეების ცნობით, ტერორისტულ ინციდენტებში მონაწილე პირები ყვიროდნენ - „ალაჰისთვის". მათ სამხედრო კომუფლაჟიანი ტანისამოსი ეცვათ, ჟილეტებზე კი, თუნუქის ყუთების ნაჭრები ჰქონდათ ჩამოკიდებული.
ლონდონში მომხდარი ტერორისტული ინციდენტების შედეგად დაშავებული 20 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა. ლონდონის პოლიციამ ბრიტანეთის დედაქალაქში მომხდარი ორი ფაქტი ტერორისტულ ინციდენტად შეაფასა - საუბარია ლონდონის ხიდსა და Borough Market-ის ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტებზე. თავდაპირველად, მიკროავტობუსი ლონდონის ხიდზე მოქალაქეებს დაეჯახა, მანქანიდან დანით შეიარაღებული ბოროტმოქმედები გადმოვიდნენ და გამვლელებს თავს დაესნენ. თვითმხილველები ყვებიან, რომ მანქანიდან გამოსული პირები Borough Market-ის მიმართულებით წავიდნენ, სადაც კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა.