„ოფიციალური ინფორმაცია, რაც აზერბაიჯანის მხრიდან არის, მათი ექიმების შესწავლის შედეგად, აფგან მუხთარლის დაზიანებები არ ჰქონდა", - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედს" შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა ადვოკატის იმ განცხადების საპასუხოდ განუცხადა, რომლის თანახმადაც, მუხთარლის დაკავებისას დაზიანებები აღენიშნებოდა.
„ლეილა მუსტაფაევას ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მუხთარლის ჰქონდა დაზიანებები, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია, რაც აზერბაიჯანის მხრიდან და მათი ექიმების შესწავლის შედეგად არის ის, რომ მას დაზიანებები საერთოდ არა ჰქონდა", - აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, მუხთალის საქმესთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება.
„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი შეფასებები დამყარებული იყოს გარემოებათა ერთობლიობაზე და არა ემოციებზე", - განაცხადა ხუციშვილმა.
მანვე განმარტა, რომ გამოძიების მიზანია დაადგინოს როგორ აღმოჩნდა თბილისიდან ბაქოში მუხთარლი - ეს იყო ნებით თუ სხვა პირების დახმარებით.
შალვა ხუციშვილის თქმით, გარკვეული სპეკულაციები არის ამ საქმეში პოლიციის ჩართულობაზე.
„არანაირი მტკიცებულება არ არსებობს პოლიციის ჩართულობაზე", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.