logo_geo
eng_logo
„განსხეულებული პოეზია” მწერალთა სახლში
- +

4 ივნისი. 2017. 17:55


 


თბილისის სამხატვრო აკადემიაში აღზრდილი, ცნობილი ხელოვანის - გიორგი ოჩიაურის მიერ ხელდასხმული გელა კესიდი, უკვე კარგა ხნის სახელმოხვეჭილი, საერთაშორისო აღიარების მქონე შემოქმედია. მისი ქანდაკებები ამშვენებენ მსოფლიოს არაერთ ქალაქს (ათენი, პარიზი, რომი, ლონდონი, პეკინი და ა.შ.) და გალერეას. გელა კესიდი ბოლო 25 წელიწადია, რაც ისტორიულ სამშობლოში - საბერძნეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, თუმცა, ცხადია საქართველოსთან არც პიროვნული და არც შემოქმედებითი კავშირი არ გაუწყვეტია, პირიქით, მის მოღვაწეობაში პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს მინიჭებული ქართული ხელოვნების საზღვარგარეთ პოპულარიზაციას, ქართულ-ბერძნული ურთიერთობების განვითარებას, რაზეც მისი საქმენი მეტყველებენ.


ამჯერად, გელა კესიდიმ სხვა რაკურსით წარმოაჩინა საკუთარი დამოკიდებულება საქართველოსადმი - თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულმა მადლიერების ნიშნად საჩუქრად გადმოსცა საქართველოს, თბილისს თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილება - მცირე ზომის საპარკო ქანდაკება, რომლის სახელწოდებაა "განსხეულებული პოეზია - საფო". ქანდაკების შინაარსობრივი დატვირთვის შესაბამისად, შეირჩა მისი სამყოფელიც -  მწერალთა სახლის ბაღი.

3 ივნისს ასოციაცია "კულტურათა დიალოგი XXI"-ის (პრეზიდენტი - ვალერი ასათიანი) და საქართველოს კულტურის ფონდის (თავმჯდომარე - თამაზ შილაკაძე) მეოხებით გელა კესიდის ქანდაკება საზეიმოდ გაიხსნა.


გახსნის ცერემონიალს ათეულობით სტუმარი დაესწრო. საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ხელოვნების, კულტურის ცნობილმა მოღვაწეებმა, მათ შორის, ვალერი ასათიანმა, ნატა ლომოურმა,  ვახტანგ დავითაიამ, მიხეილ გიურჯიდისმა, ნანა ტონიამ, ბერძენმა დრამატურგმა დიმიტრის ლიაკოსმა, გიორგი ჯანბერიძემ, თამაზ შილაკაძემ, დავით ანდრიაძემ, გია ჯაფარიძემ, რეზო ადამიამ, გიორგი გეგეჭკორმა, გელა კესიდიმ. ცხადია, გამოსვლათა კვინტესენცია, ლაიტთემა იყო ბერძნული ლირიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ანტიკური ხანის ლეგენდარული პოეტი ქალის - საფოს შემოქმედების არსი ევროპული პოეზიის განვითარებაში, გელა კესიდის შემოქმედება, ქართულ-ბერძნული კულტურული ურთიერთობები... საზეიმო, ამაღლებულ განწყობას მეტი ხიბლი შესძინა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტურმა სიმებიანმა კვარტეტმა მარიამ ბუღაძის, თათა დათუკიშვილის, რუსუდან კვალიაშვილისა და ნინო თარგამაძის შემადგენლობით (პროფესორ ნოდარ ჟვანიას კლასი) და ბერძნული კულტურის ცენტრის (ხელმძღვანელი მადონა სავიდი) მოცეკვავე გოგონათა ანსამბლმა.


საგულისხმოა, რომ შემოდგომაზე ეროვნულ გალერეაში შედგება გელა კესიდის პერსონალური გამოფენა, გამოიცემა მისი ნამუშევრების ალბომი-კატალოგი. ყოველივე ეს განხორციელდება ასოციაცია "კულტურათა დიალოგი XXI"-ის და საქართველოს კულტურის ფონდის მიერ, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების, საზოგადოებრიობის თანადგომით.


Description: C:UsersAdministratorDownloadsDSC_1887.JPG

 

 

Description: C:UsersAdministratorDownloadsDSC_1888.JPG

 

 

Description: C:UsersAdministratorDownloadsDSC_1889.JPG

 

 

Description: C:UsersAdministratorDownloadsDSC_1930.JPG






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner