ავტორი სოფო ხუგოიანი
საარჩევნო სიის ჩამოყალიბებასა და მის დაკომპლექტებაზე „რეპორტიორს" პარლამენტის წევრი ვახტანგ ხმალაძე ესაუბრა:
„საარჩევნო სიების შედგენა დამოკიდებულია იმაზე, იქნება ერთი პარტია თუ კოალიცია. თუ ერთი პარტია იქნება, ეს პარტია თავად გადაწყვეტს, როგორ შეადგინოს სია.
რესპუბლიკურ პარტიაში წესდებით არის დადგენილი, როგორ უნდა შედგეს კანდიდატთა სიები, მაგრამ როცა კოალიციაზეა საუბარი, საარჩევნო ბლოკის შექმნის შემთხვევაში ბლოკის წევრები თანხმდებიან, როგორი წესით უნდა შედგეს სია. ამ დროისთვის ასეთი წესდება არ არის, შეიძლება მხოლოდ ვარაუდი, ეს უნდა გადაწყვიტონ კოალიციის წევრებმა.
მხოლოდ ერთი პარტია თუ იქნება, სავსებით შესაძლებელია, რომ „ქართული ოცნების" საარჩევნო სიის ჩამოყალიბებაში ბიძინა ივანიშვილმა მიიღოს მონაწილეობა, სხვა შემთხვევაში ეს პარტიების შეთანხმებით უნდა მოხდეს. ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა საარჩევნო სიების შექმნაში, ერთი მხრივ, მის სურვილზე იქნება დამოკიდებული და მეორე მხრივ, კოალიციის გადაწყვეტილებაზე.
მე თვითონ მოვხვდები თუ არა საარჩევნო სიაში, ნაკლებად მაინტერესებს, ყველაფერი ისე უნდა მოხდეს, როგორც საქმისთვის არის უკეთესი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე", - ამბობს ხმალაძე.