ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ბრალდებულების ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ განუცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმების თანახმად ორივე ბრალდებულს სასჯელის ვადა შეუმცირდა.
კერძოდ, ლევან როსტოშვილს რეალური სასჯელის ვადად სამი წელი განესაზღვრა. აგრეთვე მას 40-ათასლარიანი ჯარიმის გადახდა და 4-წლიანი პირობითი სასჯელი მოხდა მოუწევს.
რაც შეეხება ლაშა კურტანიძეს, მას რეალური სასჯელის ვადად ერთი წელი განესაზღვრა. დამატებით კი მასაც 40-ათასლარიანი ჯარიმა და 3-წლიანი პირობითი მსჯავრი დაეკისრა. ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოში დამტკიცდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ყოფილ ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს 8 წლით, მსახიობ ლაშა კურტანიძეს კი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.