მონტენეგრო NATO-ს 29-ე წევრი 5 ივნისს ოფიციალურად გახდა. ოფიციალური ცერემონია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შენობაში გაიმართა, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დაესწრო.
„მონტენეგროს გაწევრიანება NATO-ში იმის დასტურია, რომ NATO-ს კარი ღია რჩება იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც რეფორმების გატარება სურთ, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ NATO-ს მაღალ სტანდარტებს შეესაბამებოდეს და მზად არიან წევრობასთან დაკავშირებული ყველა რისკის, ვალდებულებისა და სარგებლის მიღებისთვის", - განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილე თომას შენონმა.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მონტენეგროს NATO-ში გაწევრიანება სიგნალს აძლევს სახელმწიფოებს, რომლებსაც რეფორმების სურვილი გააჩნიათ.
„მონტენეგროს NATO-ში გაწევრიანება სიგნალს აძლევს სხვა სახელმწიფოებს, ვინც ორგანიზაციაში წევრობისკენ ისწრაფვიან, რომ თუკი ქვეყანა რეალურ რეფორმებს ახორციელებს, ავითარებს დემოკრატიას, აძლიერებს მართლწესრიგს, საკუთარი სამხედრო ძალების მოდერნიზებას ახორციელებს და წვლილი შეაქვს ჩვენს თავდაცვაში, მასაც შეუძლია ალიანსში გაწევრიანება", - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.