ავტორი ალა გრიგალაშვილი
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე „რეპორტიორთან" საუბრისას ადასტურებს ინფორმაციას, რომ თინათინ ხიდაშელმა პრემიერ-მინისტრს მისი თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით ულტიმატუმი წაუყენა.
„მთავრობის ადმინისტრაციაში ჩემს წყაროებთან გადავამოწმე და დამიდასტურეს, რომ არის გარკვეული ულტიმატუმი წაყენებული ხიდაშელის მხრიდან: ან ჩვენ, ან სანდრო ბრეგაძეო! ნაკლებად მჯერა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა ასეთი ნაბიჯი გადადგას. თუ მიიღებენ ასეთ გადაწყვეტილებას, მიიღონ, რაც უნდათ, ის უქნიათ!
ჩემთვის არანაირი სკამი, არანაირი თანამდებობა არ არის იმაზე მაღლა, ვიდრე ჩემი მორალურ-ზნეობრივი პრინციპი, რომელიც მკარნახობს, რომ სამარცხვინო და ამაზრზენია კოალიციაში იმ ხალხთან ერთად ყოფნა, რომლებიც იმის მაგივრად, თავის ჩადენილ დანაშაულებს ინანიებდნენ, კიდევ უფრო ცდილობენ, განავრცონ დანაშაული.
თავის დროზე წინააღმდეგი ვიყავი მათთან ერთად კოალიციაში ყოფნისა, მაგრამ მაშინ იყო „ნაციონალური მოძრაობის" ფაქტორი. ბევრმა ჩემმა კოლეგამ ამიხსნა, რომ „რესპუბლიკელები" ამ ბრძოლაში გარკვეულწილად საჭიროები იყვნენ, მაგრამ მე არ ვფიქრობდი ასე. ისინი აპირებენ მომავალ პარლამენტში ხელისუფლების უზურპაციას. სანდრო ბრეგაძე კი არა, უნდა გადააყენონ თინა ხიდაშელი და საგარეჯოს არჩევნების გამო მისცენ პასუხისგებაში", - განუცხადა „რეპორტიორს" ბრეგაძემ.