ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
ეს წერილი მე ერთი თვის წინ გამოვაქვეყნე... ვამბობდი, ერთობ დამაფიქრებელ წერილში სტრიქონებს შორისაც და ცხადლივაც, საყვედურები გამოსჭვივის.
თუ დაკვირვებით გაეცნობით შინაარსს, „რაღაც" შეკითხვებზე პასუხსაც იპოვით.
«Haqqin.az» (აზერბაიჯანი), 04 მაისი, 2017 წელი
ანტიაზერბაიჯანული იატაკქვეშეთი თბილისში: პაროლები, ფული, ინსტრუქციები...
სტატიაში, რომელიც შეიძლება ჟურნალისტური გამოკვლევის ჟანრს მივაკუთვნოთ, ვრცლადაა გადმოცემული ანტიაზერბაიჯანული დაჯგუფების საქმიანობა, რომელიც, გამოცემის აზრით, საქართველოში მოქმედებს და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებას ხლართავს (ავტორი - ეინულა ფატულაევი, «Haqqin.az»-ის მთ.რედაქტორი).
გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი პუბლიკაციიდან:
„მსოფლიო ისტორიაში არის იმის პრეცედენტები, თუ როგორ ტრანსფორმირდებიან ხოლმე პატარა სახელმწიფოები ისეთ სუბიექტებად, რომლებიც გავლენას ახდენენ გლობალურ გეოპოლიტიკურ პროცესებზე. მაგალითად, კუბა და კუბელი რევოლუციონერების საქმიანობა, რომლებიც ლათინური ამერიკისა და აფრიკის ბევრ ქვეყანაში რევოლუციებს გეგმავდნენ", - წერს ავტორი და ერთ-ერთ ასეთ „ერნესტო ჩე გევარად" მიხეილ სააკაშვილს მიიჩნევს, რომელიც, კუბელი წითელი კომანდანტეს მსგავსად, საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებშიც ცდილობდა რევოლუციების განხორციელებას. „საქართველო დსთ-ის სივრცეში ფერადი რევოლუციების ლოკომოტივად, დასავლური ჰეგემონიზმის და მოდერნიზების პლაცდარმად იქცა, რომლის მიზანს რუსეთის ირგვლივ ფერადი სარტყლის ჩამოყალიბება წარმოადგენდა. მაგრამ რუსეთთან ერთად, საფრთხე უშუალოდ აზერბაიჯანსაც დაემუქრა; მიხეილ სააკაშვილი და მისი „კმარელი" თანამოაზრენი, აზერბაიჯანშიც ცდილობდნენ დესტაბილიზების გამოწვევას, მაგრამ ილჰამ ალიევის პოლიტიკური ოსტატობის წყალობით ქართული რევოლუციური ხელისუფლების გეგმები ჩაიფუშა, განეიტრალდა. საბოლოოდ, თვით ქართველმა საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ აზერბაიჯანის გარეშე საქართველო ვერ იარსებებდა, ანუ ბაქოსთან დაპირისპირება თბილისურ კომინტერნს კარგს არაფერს უქადდა. იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანის მიმართ საქართველო ხრიკებს გააგრძელებდა, თბილისი ხელს შეუწყობდა რეგიონულ გეოეკონომიკური პროექტების კრახს, კავკასიური პოლიტიკის პატრიარქების - ედუარდ შევარდნაძისა და ჰეიდარ ალიევის მიერ შემუშავებულს. გარდა ამისა, საქართველოს „ვარდისფერი" ხელისუფლება აცნობიერებდა ქვემო ქართლში პრობლემის წარმოქმნის შესაძლებლობასაც, სადაც 300 ათასამდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს და რომლებიც, ჯავახეთის სომხებისაგან განსხვავებით, ერთიანი და განუყოფელი საქართველოს იდეის ერთგულნი იყვნენ.
პრეზიდენტები მოდიან და მიდიან, იატაკქვეშეთი კი რჩება
მართალია, იმ პერიოდში საქართველოს „ნაციონალურმა" ხელისუფლებამ, რომელიც, შეიძლება ითქვას, ქარაგმულად აჩვენებდა, რომ აზერბაიჯანის მთავრობასთან ფასეულობრივ კონფრონტაციაში იყო, ბაქოსთან ღია კონფლიქტზე წასვლა ვერ გაბედა, თუმცა საქართველოს ტერიტორია აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ-იდეოლოგიური ექსპანსიის პლაცდარმად გადააქცია. სამწუხაროდ, თბილისის პოლიტიკა არ შეცვლილა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგაც: „მეოცნებეთა" მმართველობის დროს აზერბაიჯანული ფერადი იატაკქვეშეთი თბილისში თავს მშვენივრად გრძნობს.
გავიხსენოთ, რომ 2013 წელს, აზერბაიჯანში არჩევნების წინ, რადიკალური ოპოზიციის ცენტრმა სწორედ თბილისში გადაინაცვლა. ანტისამთავრობო კოალიციამ ცნობილი მწერლისა და კინორეჟისორის რუსტამ იბრაჰიმბეკოვის ხელმძღვანელობით (ელდარ ნამაზოვთან და ალი ქერიმლთან ერთად) ანტიაზერბაიჯანული გეგმების განხორციელება სწორედ საქართველოს დედაქალაქში დაიწყო: ჩამოყალიბდა ნაციონალური საბჭო, რომელმაც აზერბაიჯანში ფერადი რევოლუციის მოხდენის საოცნებო მიზანი გამოაცხადა.
მოგვიანებით საქართველოს ახლადგამომცხვარი ხელისუფლება ბრალის გამოსწორებას შეეცადა - აშკარად ჩანდა თბილისის ჩარევა მოძმე მეზობლის საქმეებში და ურთიერთობაში წარმოქმნილი კოლიზია „გარდამავალი პერიოდის" სირთულეებით ახსნა: რა გვექნა, დროულად ვერ მოვასწარით ქართული ისტებლიშმენტის გაწმენდა „სოროსელი ბაცილებისგანო". ეს ოთხი წლის წინ იყო, იმ დროს აზერბაიჯანის ხელისუფლება გაგებით და თანაგრძნობით მოეკიდა მეზობლის „გარადამავალი პერიოდის სირთულეებს", მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას არც შემდეგ არ გადაუდგამს პრაქტიკული ნაბიჯები ქვეყნის ტერიტორიიდან ანტიაზერბაიჯანული „წინააღმდეგობის მოძრაობის" გასაძევებლად. დღეს თბილისი კვლავ რჩება აზერბაიჯანული ოპოზიციის ცენტრად, სადაც მზაკვრული გეგმები მზადდება, იხლართება ახალი შეთქმულება, თავისი პაროლებით, ინსტრუქტაჟით და ფულით.
განა საქართველოს ხელისუფლებისათვის და სამართალდამცველი ორგანოებისათვის უცნობია აზერბაიჯანელი ოპოზიციონერების საქმიანობა? ან მათი შეხვედრები დასავლელ ემისრებთან და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც დასავლელი სპეცსამსახურების კონტროლქვეშ იმყოფებიან?" - წერს ავტორი და აქვეყნებს ანტიაზერბაიჯანული შეთქმულების წევრების გვარ-სახელებს, ფოტოსურათებს.
პუბლიკაციაში ჩამოთვლილია 30-მდე აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, მოცემულია მათი დახასიათება, კავშირები, კონტატქები, გადაადგილების მარშრუტები, მათ შორის არიან პოლიტიკოსები, ყოფილი პროკურორები, ჟურნალისტები... „თბილისში აზერბაიჯანული კონტრა მომრავლდა. მადლობა ალაჰს, რომ აზერბაიჯანმა, საქართველოსაგან განსხვავებით, მოახერხა და თავიდან აიცილა სისხლიანი დაპირისპირება. უიღბლო რევოლუციონერები ქვეყნიდან გაიქცნენ და თავშესაფარი საქართველოში პოვეს, კერძოდ კი თბილისში - კონტრასტების, კონტრასა და რევოლუციონერების ქალაქში".
„აი, ასეთი სურათია ჩამოყალიბებული იმ სახელმწიფოში, რომელიც თავს აზერბაიჯანის ძმად და მეგობრად მიიჩნევს. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები მხოლოდ მიზერული რაოდენობაა იმისა, რასაც თბილისში აზერბაიჯანული ოპოზიციის იატაკქვეშეთი აკეთებს. საინტერესოა, რა პასუხს გაგვცემს საქართველოს მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო? განა აზერბაიჯანის მთავრობას ოდესმე მიუცია თავშესაფარი ქართული ოპოზიციისათვის ბაქოში? რატომ იქცევა საქართველოს ხელისუფლება ასე აზერბაიჯანის მიმართ? ამასწინათ, 19 აპრილს, ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს აზერბაიჯანის მიერ ძებნილად გამოცხადებული ჯამალა ალი, რომელიც ოპოზიციური „მაიდან ტვ"-ს ბერლინის განყოფილების თანამშრომელია. რასაკვირველია, ეს ნაბიჯი ოფიციალურმა ბაქომ დადებითად შეაფასა, მაგრამ მაინც გვინდა ვკითხოთ მეზობლებს: რატომ არ დააკავეთ და არ გადმოეცით აზერბაიჯანის ხელისუფლებას? ქართულ მხარეს რომ ანალოგიური თხოვნით მოემართა ჩვენთვის, განა ბაქო ასე მოიქცეოდა?
რატომ შეუქმნა საქართველოს ხელისუფლებამ ანტიაზერბაიჯანულ ოპოზიციას სასათბურე პირობები თბილისში? ხომ ცნობილია, რომ ისინი თავიანთ ზრახვებს არ მალავენ, მათ აზერბაიჯანის ხელისუფლების დამხობა სურთ. მაშ, რატომ არ ღებულობს ზომებს ჩვენი მეზობელი? არადა, აზერბაიჯანი დიდ მსხვერპლს სწირავს საქართველოსთვის... არაფერს ვამბობთ ენერგეტიკულ მეგაპროექტებზე... ქართველებს გავახსენებთ, რომ აზერბაიჯანი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ბაქომ მკაცრად დაგმო სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმი და მზადაა ორმხრივი კავშირების გასაღრმავებლად, გამოწვევების მიმართ ერთობლივი წინააღმდეგობის გასაწევად. და რას ვიღებთ ყოველივე ამის სანაცვლოდ? ზურგში დანის დარტყმას? განა აზერბაიჯანმა ზურგში დარტყმა დაიმსახურა? საინტერესოა, რამდენი დრო დასჭირდება საქართველოს მთავრობას მისსავე ტერიტორიაზე თავაშვებულად მოქმედი აზერბაიჯანული იატაკქვეშეთის აღსაკვეთად?"
---------
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ აზერბაიჯანულმა გამოცემამ, გუშინ, ოთხ მაისს, ონლაინ-რეჟიმში გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პუბლიკაცია ცნობად მიიღო და მასალაში ნახსენებ ფაქტებს შეისწავლის. გუშინვე «Haqqin.az»-მა გამოაქვეყნა ქართველი ექსპერტების კომენტარი. როგორც ვასილ პაპავა ამბობს, აზერბაიჯანელი ოპოზიციონერების შესახებ ქართული ოფიციალური მედია არაფერს აცხადებს.
„საქართველოს ხელისუფლებას ურთიერთობა მხოლოდ აზერბაიჯანის ოფიციალურ ხელისუფლებასთან აქვს და ბუნებრივია, ეს თანამშრომლობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ არის დასმული. გამოდის, რომ ყველაფერი ჩუმად კეთდება. ძალიან ცუდია, რომ ასეთი ტენდენცია შეიმჩნევა. ჩემი აზრით, აზერბაიჯანელი „ოპოზიციონერები", თავიანთი რევულუციური პროექტებით, საქართველოდან გაძევებულნი უნდა იქნენ. საერთოდ კი, უმჯობესი იქნება, რომ აზერბაიჯანმა ამ მიზნით ოფიციალურად მომართოს საქართველოს. ის, რაც სტატიაშია გადმოცემული, თუ ყველაფერი მართალია, მაშინ სრულ „ბარდაკს" ნიშნავს", - ამბობს ვასილ პაპავა და ხაზს უსვამს, რომ აზერბაიჯანელებს, ალბათ, დასავლური ძალებიც მფარველობენ, ამიტომ თბილისს ბერკეტები არ ჰყოფნის მათ გასაძევებლად. „საქართველოს ისედაც უამრავი პრობლემა აქვს, დამატებით „აზერბაიჯანული ხუნტა" არ გვჭირდება".
სტატიის შესახებ თვალსაზრისი გამოხატა აგრეთვე ყოფილმა პარლამენტარმა გია ცაგარეიშვილმაც: მისი თქმით, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას არასოდეს არ გადაუდგამს და არც გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართული იქნება აზერბაიჯანში პოლიტიკური დესტაბილიზაციის გამოსაწვევად. „ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არავის არ სურს, რომ აზერბაიჯანს პრობლემები ჰქონდეს. ჩვენი ქვეყნები მსგავს მდგომარეობაში არიან, რომელიც ტერიტორიულ მთლიანობასთანაა დაკავშირებული. აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს საზღვრების ურღვევობას და სუვერენიტეტს. თბილისი მაღალ შეფასებას აძლევს ბაქოს პოზიციას. რაც არ უნდა იფიქრონ ჩვენმა საერთო მტრებმა, აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრობა გაგრძელდება", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა «Haqqin.az»-ის თბილისის ბიუროს თანამშრომელთან საუბრის დროს (წყარო: https://haqqin.az/news/99180).