შსს-ს ყოფილმა ვიდეოოპერატორმა ლევან შერმადინმა ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ირაკლი გედენიძის ჩვენების ჩაწერისას მას შთაბეჭდილება დარჩა, რომ ის წინასწარ იყო დაწერილი.
შერმადინმა დეტალურად გაიხსენა ის დღე, როდესაც ფოტოგრაფები დააკავეს და ის „მოდულის" შენობაში მივიდა, რათა აღიარებითი ჩვენებები ჩაეწერა.
„სამინისტროში ვიყავი, როცა მოვიდა პრესსამსახურის უფროსი ზურა გვენეტაძე და მითხრა, რომ უნდა გავსულიყავით. აპარატურა ჩავალაგე და წავედით საბურთალოზე. გზაში ზურას ვიღაცამ დაურეკა. ზურა უფრო უსმენდა, თითქმის არ პასუხობდა არაფერს. მერე მითხრა ზურა გვენეტაძემ, რომ დააკავეს ის ფოტოგრაფები, ვინც 26 მაისს ფოტოები გადაიღეს და გაავრცელეს და ისინი უნდა ჩაგვეწერა. ვკითხე, ვინ იყვნენ დაკავებულები და მითხრა, რომ ირაკლი და ნათია გედენიძეები, ასევე ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძე. არ მესიამოვნა ეს ინფორმაცია, ვინაიდან ნათია და ირაკლი გედენიძეებს, ასევე გიორგი აბდალაძეს დიდი ხანია ვიცნობ, ზურაბ ქურციკიძეს კი - შორიდან", - განაცხადა შერმადინმა.
მისი თქმით, ისინი „მოდულის" შენობაში მივიდნენ და ერთ-ერთ ოთახში მოაწყო კამერა, სადაც უნდა ჩაეწერა ჩვენება.
„შემოიყვანეს ირაკლი გედენიძე. ძალიან ანერვიულებული იყო. ვუთხარი, თუ გინდა, საერთოდ არ გადავიღებ-თქო, რაზეც მითხრა, რომ მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა და გამეკეთებინა ჩემი საქმე. ძალიან ბევრი დუბლი ჩავწერეთ ირაკლის ჩვენების. იმ ოთახში იყო ზურა გვენეტაძეც და როცა ვისმენდი ირაკლის ლაპარაკს, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ტექსტი წინასწარ იყო დაწერილი, თითქოს ზურა გვენეტაძემ წინასწარ იცოდა, რას იტყოდა გედენიძე, ისეთ კითხვებს სვამდა. ჩაწერისას ოთახში შემოვიდა ერთი პირი, შემოიტანა ფურცელი და ირაკლის წინ დაუდო. მე არ ჩამიხედავს ამ ფურცელში და არ ვიცი, შიგნით რა ეწერა. ირაკლი გედენიძის ჩაწერა რომ დავამთავრეთ, ოთახში შემოიყვანეს ნათია გედენიძე. მისი ჩვენების ჩაწერას უფრო ნაკლები ცდა დასჭირდა. ამის მერე მე და ზურა უნდა წავსულიყავით მასალის მოსამზადებლად და როდესაც ოთხიდან გამოვედი, დავინახე რამდენიმე ადამიანი, გავიგონე ასევე, შსს-ს ადმინისტრაციის უფროსი შოთა ხიზანიშვილი ვიღაცას ელაპარაკებოდა. არ დამინახავს, ვინ იყო, მაგრამ მივხვდი, რომ მაღალჩინოსანი იყო. ეუბნებოდა - „ყველაფერი კარგადააო", - განაცხადა ლევან შერმადინმა.