ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ლეკა მენაბდიშვილი სოციალურ ქსელში ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერს:
„სულ ვამბობ, რომ დაუნახავი არ უნდა იყოს კაცი. ჯერ მარტო იმის გამო ვიქნები მთელი ცხოვრება მადლობელი, რომ ამ ადამიანის დახმარებით, ინიციატივით, მონდომებით, ქართველი ხალხის გაერთიანებით, შეძლო და მოგვაცილა ჭირი, რომელსაც ერქვა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი...
მეორე - ოპოზიციის რომელიმე ან რამდენიმე წარმომადგენელს, ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული ქველმოქმედებების ნახევარი მაინც რომ ჰქონდეს გაკეთებული, მაშინ, შეიძლება მეფიქრა, რომ ქვეყანა ადარდებთ, აფიქრებთ, პატრიოტები არიან, ცდილობენ, რაღაც კარგი შექმნან ხალხისთვის. თუმცა, როდესაც ვუყურებ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში მხოლოდ საკუთარ ჯიბეებს ივსებდნენ, მე მათ ოპოზიციად აღარ მივიჩნევ, ისინი ჩეთვის მხოლოდ დემაგოგები არიან...
მესამე - ხალხი, რომელიც იძახის: „არ გვინდა ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ბიძინამ ფული დაგვირიგოს", „რაში გვჭირდებოდა „Black Sea Arena", დაერიგებინა ას-ასი ლარი", „არ გვინდა ეკლესია-მონასტრების აღდგენა, ჩვენ მოგვცეს ფული ბიძინამ" და ა.შ... აი, ასეთი ადამიანებიც არსებობენ და სამწუხაროა, იმას რომ არ/ვერ ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი თავად თუ აღარ სჭირდებათ, სჭირდებათ მათ შვილებს, შვილიშვილებს, შთამომავლობას...
მეოთხე - არავინ იფიქროს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ყველაფერზე ტაშს ვუკრავ, მე მათი ბევრი ნაბიჯი არ მომწონს, არ ვეთანხმები ბევრ გადაწყვეტილებაში, უშვებენ ბევრ შეცდომას, ვიღაცები სახელმწიფო ხარჯზეც კი გამდიდრდნენ და მდიდრდებიან. რა თქმა უნდა, უშეცდომო ადამიანი არ არსებობს, თუმცა, არის რაღაც ზღვარი, რომელიც არ უნდა გადაკვეთო. თუმცა, არის ერთი ძარღვი, რომელსაც ნამუსის ძარღვს ეძახიან და ზუსტად ის ძარღვი არ უნდა გაიწყვიტო...
და მაინც, ყოველთვის ყველა აგებს პასუხს სახელმწიფოს მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება მინისტრი, პრეზიდენტი, ჯარისკაცი, მუშა თუ მასწავლებელი..." - წერს ლეკა მენაბდიშვილი.