საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან" პერტნიორობის საკითხზე სერიოზულად ვერ ისაუბრებს.
როგორც დავით უსუფაშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა, „რესპუბლიკური პარტია" განწყობილია, მომავალ პარლმენტში პარტნიორები მოძებნოს, მაგრამ ეს არ იქნება „ნაციონალური მოძრაობა".
„პოლიტიკური პარტიის არსი საზოგადოებაზე გავლენის მოხდენაა და ხელისუფლებაში ყოფნა ნებისმიერი პარტიის სურვილია. პარტია, რომელიც არჩევნებში რამდენიმე მანდატის მოსაპოვებლად და ოპოზიციაში წასასვლელად მიდის, პოლიტიკური პარტია არ არის. ეს იგივეა, ბიზნესში მოგება არ გინდოდეს. რესპუბლიკელები, არსებობის 40 წლის განმავლობაში, ხელისუფლებაში სულ რაღაც 3,5 წელიწადი ვიყავით. დანარჩენი წლები სულ ოპოზიციაში ვართ, მაგრამ ამასაც გარკვეული ხიბლი აქვს. ჩვენ განწყობილი ვართ, მომავალ პარლამენტში პარტნიორები მოვძებნოთ, მაგრამ "ნაციონალურ მოძრაობასთან" პარტნიორობის საკითხზე სერიოზულად ვერ ვისაუბრებ",-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არჩევნები ხალხის აზრის გასაგებად იმართება და არა - ვინმეს დასამარცხებლად და გასანადგურებლად.
„ხალხმა არჩევანი უნდა გააკეთოს და ჩვენ-ჩვენი ადგილი მოგვიჩინოს. თუ სულ იმის განცდაში ვიქნებით, რომ შესაძლოა, მოჩენილი ადგილი თავების გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდეს, სამსახურებიდან შეიძლება გაგვყარონ და ციხეებში აღმოვჩნდეთ, ეს უბედურება იქნება. ასეთი არც არჩევნები გვინდა, არც პარტია და არც კოალიცია. მგონია, რომ ეს ეპოქა დასრულდა, მაგრამ ეს კიდევ 4 მილიონმა ქართველმა უნდა დაიჯეროს. ქართველი ხალხის არჩევანი ყოველთვის ის იყო, ევროპული ქრისტიანული ცივილიზაციის ორგანული ნაწილი ვყოფილიყავით. თუ ახლა, საზოგადოებამ რამე მიზეზით გადაწყვიტა, რომ ეს ასე აღარ არის, რუსეთთან ერთად გვირჩევნია და დანარჩენ მსოფლიოს კისერი უტეხია, ჩვენ ასეთ ხალხთან პარტნიორულ უთიერთობას ვერ მოვახერხებთ",-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა გადაცემა 2030-ში.