logo_geo
eng_logo
იგორ სვეტლოვი საჯარო ლექციებს გამართავს
- +

7 ივნისი. 2017. 00:44



ასოციაცია "კულტურათა დიალოგი XXI"-ის (პრეზიდენტი - ვალერი ასათიანი), საქართველოს კულტურის ფონდისა (თავმჯდომარე - თამაზ შილაკაძე) და მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრის "მუზა"-ს მეოხებით თბილისს სტუმრად ეწვევა ცნობილი რუსი ხელოვნებათმცოდნე, მოსკოვის ვ. სურიკოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური სამხატვრო ინსტიტუტის ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის გამგე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი იგორ სვეტლოვი.


იგი არის რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო წევრი, ხელოვნებათმცოდნეთა ასოციაციის წევრი, პოლონეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე; დაჯილდოებულია პოლონეთის, უნგრეთის, რუმინეთის ორდენებითა და სახელმწიფო ჯილდოებით; წიგნისთვის "რომანტიზმიდან სიმბოლიზმისკენ" მინიჭებული აქვს რუსეთის სამხატვრო აკადემიის ვერცხლის მედალი.


იგორ სვეტლოვი მრავალი მონოგრაფიისა და წიგნის ავტორია, მათ შორის გამორჩეულია "1960-1980-იანი წლების საბჭოთა სკულპტურა", "სახალხო პოლონეთის სკულპტურა", "თანამედროვე რუმინული სკულპტურა", წიგნი-ალბომები: "კლიმტი", "ფრანც ფონ შტუკი", "უისტლერი", "გერმანული და ავსტრიული სიმბოლიზმი. ეტიუდები", "გუსტავ მორო. საფრანგეთი XIX საუკუნე", XIX და XX საუკუნის რუსული და საზღვარგარეთული ხელოვნების მრავალი კრებულის შემდგენელი.


იგორ სვეტლოვის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისი საჯარო ლექციების გამართვა ევროპულ სიმბოლიზმის შესახებ. 4 ლექციის თემატიკა ასე გადანაწილდება:


პირველი ლექცია (9 ივნისი): "გერმანული სიმბოლიზმი. ა. ბიოკლინი, ფრანც ფონ შტუკი, მ. კლინგერი";


მეორე ლექცია (13 ივნისი): "ავსტრიული და შვეიცარული სიმბოლიზმი. გ. კლიმტის შემოქმედებითი სინთეზები. ფ. ჰოდლერის ექსპრესია და ლირიკული ესთეტიზმი";

 

მესამე ლექცია (15 ივნისი): "ფრანგული და ბელგიური სიმბოლიზმი. პ. პიუვი დე შავანის ანტიკურობა და სიმბოლისტური მითოლოგია. გ. მოროს ფანტაზიური იდეალიზმი.

ბრიუსელი. "ჯგუფი XX". ფ. კნოპფის დუმილი. მარტოობის, უდაბნოს ქალაქის თემები. ჟ. დელვილის ზეციური ხედვები - ფილოსოფიური მისტიციზმი";

 

მეოთხე ლექცია (16 ივნისი): "სიმბოლიზმი აღმოსავლეთ ევროპაში. "ახალგაზრდა პოლონეთი". ი. მალჩევსკი - პიროვნების დამცირების თემა და ერთა ბედი. ს. ვისპიანსკი - პოლონური პოლიქრომიის ექსპრესიული სიმბოლიზმი. პორტრეტისა და პეიზაჟის სიმბოლისტური ტრანსკრიპცია "1900-იანებში".  ჩეხური სიმბოლიზმის მისტიციზმი. მ. შვაბინსკი, ფ. ბილეკი. ფ. კუპკას მეტაფორები. სიმბოლიზმიდან აბსტრაქციონიზმისკენ. რუსეთი. პ. კუზნეცოვის პანთეიზმი. მზე და წყვდიადი პ. უტკინის სიმბოლისტურ პეიზაჟებში".

 

იგორ სვეტლოვის საჯარო ლექციების ციკლი, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი ხელოვანისა და საზოგადო მოღვაწის მერაბ ბერძენიშვილის ხსოვნას, გაიმართება მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრში "მუზა" (მისამართი: კუსტბის #1). დასაწყისი 12 საათზე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner