logo_geo
eng_logo
თეიმურაზ ქორიძე: ჩვენ ჯააჰილიის - უმეცრებისა და სიბნელის მღვრიე მორევში ვიხრჩობით...
- +

7 ივნისი. 2017. 12:52



ჯააჰილ

ჯაჰილა (ა) ზმნისგან წარმოებული არაბული სიტყვა, ჯააჰილ, ქართულად უვიცს, უმეცარს, გაუნათლებელს ნიშნავს. ამავე ფუძისგან ნაწარმოები ტერმინით الجاهلية - ალ-ჯააჰილია (უმეცრების, ურწმუნოების ხანა) მოიხსენიება ისლამამდელი ეპოქა არაბთა ისტორიაში. აქედანვე მომდინარეობს ჩვენთვის კარგად ნაცნობი „ჯეელი" („ჯეილი"), რაც ქართულში ჯერ კიდევ დაუღვინებელი, თავქარიანი ახალგაზრდა კაცის აღსანიშნავად გამოიყენება.


დიდი მოკრძალებით შეგახსენებთ, რომ უვიცის აღსანიშნავად მშობლიურ ქართულში ტერმინების მთელი არსენალი მოგვეპოვება: უმეცარი, უგუნური, გონებაჩლუნგი, ბრიყვი, შტერი, ყეყეჩი, ბრჯგუ, ბრყვილი, ბოთე, ხეპრე, ჩერჩეტი, ყერყეტი, ცეტი, ხეტი, აბუეტი, ტეტერი, ბენტერა, აბდალი, აფრაკი, აკარაკი, დოყლაპია, ბატისტვინა, შუბლმაგარი, ჭკუათხელი, ლაყე, ხევრია, ლოქო, ლობიო, ყურყურა, ჩალფაჩუნა ... ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენს ხანგრძლივ და საინტერესო ისტორიაში უმეცართა ლეგიონებიც გვყოლია და მათი დამნახველ -შემფასებლებისაც. ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ უგუნურ-უმეცართა აღსანიშნავი ტერმინოლოგიის პარალელურად, მშობლიურ ქართულში გონიერთა და ნიჭიერთა დასახიათებლადაც არანაკლები არჩევანი გვაქვს: ნიჭიერი, გონებაგახსნილი, გონებამოქნილი, მსჯელი, გამჭრიახი, აზრიანი, შორსმჭვრეტელი, გოგრიანი, გზიანი, ჭკუისკოლოფი, მოსწრებული, ხერხიანი, გერგილიანი, გამგები, გამგებელი, მიხვედრილი, შესმენილი, განმჭვრეტი...


ღმერთმა ინებოს, ვცდებოდე, მაგრამ მეჩვენება, რომ ბოლო 25 წელიწადია, მშობლიური ევროპისაკენ თავდავიწყებული სრბოლის კვალდაკვალ, უფრო და უფრო ვშორდებით მშობლიურ ენას, აზრის სიტყვიერად და წერილობით გადმოცემის უნარ-ჩვევებს.


მაგალითები, რომლებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, აღებულია ქართული ელექტრონული და ბეჭდური მედიიდან. მისი ავტორები ბრძანდებიან საკმაოდ პოპულარული პოლიტიკოსები, იურისტები, ექსპერტები, ჟურნალისტები.


დავიწყოთ ბოლო ათწლეულში პოლიტიკოსების (უფრო ზუსტად - პოლიტიკას მიტმასნილი უვიცების) მიერ დამკვიდრებული და მოდურად ქცეული ტერმინით „განვმეორდები" - „გავიმეორებ" კი არა, „კიდევ ერთხელ ვიტყვი" კი არა, არამედ ყოვლად უაზრო, ბრიყვული და ქართული მეტყველების კულტურისთვის თავისმომჭრელად უცხო „განვმეორდები". გაგიკვირდებათ და, ამ სულელური გამოთქმისადმი თავდავიწყებული სიყვარულით გამოირჩევა ქართული ჯააჰილიის ეპოქის („ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის) და შემდეგ „ევროპული საქართველოს" დიდი ლიდერი დავით ბაქრაძე.


არ მინდა, ვინმემ არაობიექტურობა დამწამოს - მე მართალი ვიქნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხალხზე ზრუნვით არაქათგამოცლილი ჩვენი პოლიტიკოსები ამ მაგიურ გამოთქმაში („განვმეორდები") გულისხმობენ ნათქვამის გამეორებას და არა საკუთარი პერსონის მიწიერ ცხოვრებაში მეორედ (განმეორებით) მოსვლას.


გაევროპელებულ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს (განსაკუთრებით - სპორტულ ჟურნალისტებს) შორის არანაკლებ პოპულარულია არანაკლებ ბრიყვული სიტყვათშეთანხმება საბოლოო ჯამში (რუს. в конечном итоге). რუსულ ენაში „კონეჩნი იტოგ" არის ფაქტების, მოვლენების, გამოყენებული ან გამოუყენებელი შესაძლებლობების ერთობლიობა, საბოლოო შედეგი და არა მხოლოდ შესაკრებთა ერთობლიობა. არადა, გამოსავალი რა უბრალოა - „საბოლოო ჯამის" ნაცვლად გამოიყენებდი სიტყვას „საბოლოოდ", ან „შედეგად" და ყველაფერი თავის ადგილას აღმოჩნდებოდა! მაგრამ ალბათ, ეს უფრო ოცნების სფეროა - პოლიტიკოსები და პოლიტიკასთან დაახლოების მოწადინენი ამ გამოთქმას ვერ შეელევიან, რადგან მათთვის „საბოლოო ჯამი" არის ბიუჯეტი, სასუსნავებით სავსე დიდი უპატრონო გობი, სადაც ხელის ფათური აუხდენელი ოცნება სულაც არ გახლავთ.


თანამედროვეობის კიდევ ერთი ძალიან პოპულარული სისულელე გახლავთ გამოთქმა „ეს (ამბავი, ფაქტი, შემთხვევა...) ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს". ღმერთმა ინებოს, ვცდებოდე, მაგრამ მეჩვენება, რომ ამ ბრიყვულ გამოთქმაზე შეყვარებული ჩალფაჩუნა პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ვერ ხედავენ განსხვავებას კითხვის ნიშანსა და კითხვით წინადადებას შორის. ამიტომ კიდევ ერთხელ (და უკანასკნელად) გამოვიჩენ კეთილშობილებას: კითხვის ნიშანი გრამატიკულად არის პუნქტუაციის შემადგენელი ნაწილი, გრაფიკულად გამოისახება ასე „?" და დაისმის კითხვითი წინადადების ბოლოს. თავად კითხვითი წინადადება კი არის, აი, ეს - თქვენა, ჩვენო შუბლმაგარო, აბდალო, აფრაკო და აკარაკო პოლიტიკოსებო და ჟურნალისტებო, სკოლაში არ გივლიათ?


სხვათა შორის, ჩვენს ყოფაში ხდება ბევრი ისეთი რამ, რაც არამარტო კითხვებს (და არა კითხვის ნიშნებს!) აჩენს, არამედ გვაღელვებს და გვაშფოთებს კიდეც. რას გვიბრძანებთ, ასეთ შემთხვევაში „ეს (ამბავი ფაქტი, მოვლენა...) ბევრ ძახილის ნიშანს აჩენსო", უნდა ვთქვათ?


ჯერჯერობით ზუსტად ვერ დავადგინე, რომელი მეგობარი ევროპული ქვეყნის ენიდან დაიძრა, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო წლებში ქართულ ენას შავი ჭირის ეპიდემიასავით მოედო ერთ დროს საკმაოდ უფერული და უწყინარი ზმნები „მოხდა", „განხორციელდა", „განიცდის", „აწარმოებს"...


არ ვაჭარბებ - ყოველდღე, თითქმის ყველა ქართული სატელევიზიო არხიდან და რადიოსადგურიდან გაუთავებლად გვესმის: „ვაწარმოებთ რესტავრაციას და რემონტს"; „განიცადა ტკივილი"; „თბილისში წვიმა განხორციელდა"; „პასი განახორციელა"; „მოვახდინეთ ნაშრომების გასწორება"; „ვახდენთ ფრინველებზე დაკვირვებას"; „ხდება ინფორმაციის გავრცელება"; „ჩვენმა სამსახურმა მოახდინა სახელმწიფო რეესტრში არსებული საჯარო ინფორმაციის ამოღება და შესწავლის დაწყება"...


არა, ნამდვილად არ მეხუმრება - ერთ-ერთი პოპულარული ქართული ტელევიზიის წამყვანი (რასაკვირველია, უცხოეთში ნასწავლი და ევროპული ენების მცოდნე) ასეთ რამეს ბრძანებს: „ერთმა კოლონამ განიცადა ჯდენა". ეს ისეთი შემთხვევაა, როცა ჟურნალისტის შესაფასებლად ჯააჰილის ყველა ქართული შესატყვისი უძლურია, ხოლო მისი გამზრდელისთვის ცოცხლად კოცონზე დაწვა - მეტისმეტად ჰუმანური სასჯელი.


წესით, მშვიდად „რუსთავი 2"-ის ამ ჟურნალისტის მასწავლებელსაც არ უნდა ეძინოს - „ნარკოტიკული საშუალების, რომელიც მას ფეხსაცმელში უპოვეს, ფლობა და გადაზიდვა მას არ ეკუთვნის".


ვიცი, მოსამართლის თანამდებობიდან გადაყენება ორგანიზაციულად ძალიან რთული და პოლიტიკურად ძალიან სახიფათო საქმეა, მაგრამ ისიც ხომ საკითხავია, ეკუთვნის თუ არა მოსამართლის მანტია ამის მთქმელ კაცს: „განსასჯელებმა ჩაიდინეს წინააღმდეგობის გაწევა".


ამ ფონზე, რა თქმა უნდა, იავნანასავით ჩაგვესმის ჟურნალისტის კომენტარი - „მიხეილ სააკაშვილმა ყველა ზღვარს გაცდა"; აი, ეს სარეკლამო განცხადებები კი შეიძლება, მერცხლების ჭიკჭიკადაც კი მოგეჩვენოთ: „რძის ნაკეთობათა საამქრო"; „მიედინება ცხოვრება ნაკადულივით ჩქარა"; „არავინ იცის, სინაზის ნაკლებობა როდის დაგვატყდება თავს"...


მოდი, „რძის ნაკეთობებს" თავი დავანებოთ - ჯერ ერთი, ძალიან ჰგავს ელემენტარული უყურადღებობის ნაყოფს და მეორეც, ეს სარეკლამო ბანერი სოლოლაკში უკვე ჩამოხსნეს. დანარჩენი ორი კი ყოველდღიურად გვესმის ქართული ტელე და რადიოეთერიდან. საქმე ის გახლავთ, რომ ნაკადულის ანალოგია სიჩქარესთან სრული ანაქრონიზმია: ნაკადული ჩქარა კი არ მიედინება, არამედ მიედინება სწორედაც ნელა - მირაკრაკებს, მიჩუხჩუხებს და მისი ბობოქარ ცხოვრებასთან შედარება, უბრალოდ, კომიკურია. თუ ცხოვრების მაინცდამაინც მდინარესთან შედარება გვინდა, მაშინ ამისთვის თერგი ან არაგვი უფრო გამოდგება (და არამც და არამც ნილოსი!)


თავს შეიძლება დაგვატყდეს, ომი, ქარიშხალი, ეპიდემია, სიდუხჭირე, უფროსის რისხვა ან სიდედრის სტუმრობა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - სინაზე და სიყვარული (თავის მეტნაკლებობებიანად). საქმე ის არის, რომ ეს სარეკლამო წინადადებები თარგმნილია უცხო ენიდან იმ ადამიანის მიერ, ვინც იცის უცხო სიტყვები მაგრამ არ ესმის მათი მნიშვნელობა, არ იცის მშობლიური ენა და ფეხებზე ჰკიდია რეკლამის დამკვეთის ინტერესები.


ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ისევ ჟურნალისტებს უნდა დავუბრუნდე. ნახეთ, რას წერს ერთი ჩემი პატივცემული კოლეგა: „როდესაც აღმოსავლეთ ლივერპულის პილიციელები მივიდნენ მორიგ გამოძახებაზე ოჰაიოს შტატის ერთ-ერთ პატარა ქალაქში (აშშ), ისინი შოკში ჩვავარდნენ. მათ ნახეს ქალისა და მამაკაცის სხეულები უცნაურ პოზაში ავტომობილის წინა სავარძლებზე. ქალბატონი და მამაკაცი აფსოლიტურად პარალიზებულები იყვნენ. უკანა სავარძელზე იჯდა 4 წლის ბავშვი. როგორც ჩანს, ბავშვის მშობლები უბრალოდ გაითიშნენ ნარკოტიკული საშუალების ზედმეტი დოზირებისგან. როგორც იუწყება ოფიციალურად კევინ ტომპსონი, მამა მოგვიანებით მოვიდა გონს და გარკვეული დროის განმავლობაში ცდილობდა ეთქვა რაღაც, რასაც აფსოლიტურად არ ჰქონდა არანაირი საერთო მომხდართან. რის შემდეგაც ის ისევ გაითიშა. მისი ცოლი გონს მოვიდა და ჰოსპიტირიზებულ იქნა. პოლიციელებმა გამოაქვეყნეს ეს ფოტოები ინტერნეტში, რომ ეჩვენებინათ, თუ რისი გაკეთება შეუძლია ნარკოტიკებს ჩვეულებრივი ადამიანებისთვის.(სპეციალურად საიტისთვის) დავით მანია".


როგორც მიხვდით, ეს არის ღრმა ჯააჰილის თარგმანი ინგლისურიდან - ეტყობა, ავტორმა არც ინგლისური იცის, არც ქართული, არც რაიმე ელემენტარული განათლება გააჩნია, არც რედაქტორი ჰყავს და არც ვინმე წრფელი გულშემატკივარი - ჟურნალისტობა-თარჯიმნობაზე თავის დანებება რომ ურჩიოს.


აი, ეს კი საკმაოდ პოპულარული ტელეჟურნალისტის შემოქმედებაა: „რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად არის სახალხო სეირნობა, წარმოდგენილია სხვადასხვა სამინისტროები, ხილის რუკა, ტექნოპარკი. მეც სიამოვნებით შევუერთდებოდი ამ ხალხს. ისეთი იდეებია, საერთოდ, ვერ მიხვდები, რომ საქართველოში იმყოფები" (ნანიკო ხაზარაძის ჩართვა რუსთაველის პროსპექტიდან 2017 წლის 26 მაისს).


ვფიქრობ, ამ სერიოზული აბდაუბდის კომენტარი ზედმეტია. მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი - რედაქტორები უფრო კარგად უნდა იცნობდნენ თავიანთი ჟურნალისტების გონებრივ შესაძლებლობებს. იმასაც ანგარიში უნდა გაუწიონ, რომ ტელეგადაცემები მსმენელ-მაყურებელთა ფართო აუდიტორიისთვის მზადდება და მათ, სავსებით შესაძლებელია, ასეთი შეურაცხმყოფელი მიეთ-მოეთი არ გაპატიონ. მხოლოდ რეიტინგებს არ ვგულისხმობ.


რა ენა წახდეს, ერიც დაეცესო, ჯერ კიდევ საუკუნენახევრის წინათ ბრძანებდა ქართველი ერისა და ქართული ენის დიდი მოამაგე გრიგოლ ორბელიანი. დღეს კი მისი შთამომავლობა ვირული სიჯიუტით ვცდილობთ იმის პირწმინდად დავიწყებას, რამაც დღემდე ქართველებად მოგვიყვანა - მშობლიური ენისა.


ჩვენ ჯააჰილიის - უმეცრებისა და სიბნელის მღვრიე მორევში ვიხრჩობით. თან თავს ვიტყუებთ, ევროპისკენ მივექანებითო!




თეიმურაზ ქორიძე

31. 05. 2017



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner