სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაული და ლომისობა მიულოცა.
პატრიარქი სადღესასწაულო წირვას მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაესწრო. ღვთისმსახურება სხვა სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა სერაფიმემ აღავლინა.
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - ჯვრის თაყვანისცემას და ლომისობას. ეს ჩვენი ეროვნული დღესასწაულებია. შეგეწიოთ უფალი თქვენ და საქართველოს. ჩვენთან არს ღმერთი", - ბრძანა უწმინდესმა.
მცხეთის ჯვრის დღესასწაული მირიანის, პირველი ქრისტიანი მეფის დროიდან იღებს სათავეს და საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთ უძველეს დღესასწაულად მიიჩნევა. იგი აღინიშნება სულთმოფენობის პირველ ოთხშაბათს და თავისი მადლმოსილებით უტოლდება იერუსალიმში აღსრულებული ჯვრის გამოჩინების (351 წ.) უდიდეს დღესასწაულს.
ასევე, სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს აღინიშნება ლომისობაც.