ირანის პარლამენტზე და იმამ ჰომეინის მავზოლეულზე განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი შეიარაღებული პირი ადგილობრივი დროით 09:00 საათზე ირანის პარლამენტში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.
ერთ-ერთმა თავდამსხმელმა პარლამენტის შენობის დატოვება შეძლო და მიმდებარე ქუჩაზე ცეცხლი გახსნა. კიდევ ერთი თავდამსხმელი დაკავებულია.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, პარლამენტზე თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა.
პარლამენტზე თავდასხმის პარალელურად მოხდა თავდასხმა იმამ ჰომეინის მავზოლეუმზე, რომელიც თეირანის სამხრეთით 40 კმ-ში მდებარეობს. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი მავზოლეულში შეიჭრა და „კალაშნიკოვის" ავტომატიდან ცეცხლი გახსნა, ტყვია-წამლის გათავების შემდეგ კი ავტომატი გადააგდო და თავი აიფეთქა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი ქალი იყო.