უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს. გთავაზობთ დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადების ტექსტს, რომელიც მან „რეპორტიორს" მიაწოდა:
„ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის სისხლის სამართლის საქმის შუალედური გამოძიების მასალებში, რაც პროკურატურამ დღეს გაასაჯაროვა, ალბათ, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ე. წ. დღიურში გაკეთებული ჩანაწერები, რომლებშიც ისეთი დეტალებია გამჟღავნებული, რამაც არაერთ ვერსიაზე უნდა დააფიქროს გამოძიება. საგულისხმოა, რომ ინფორმაციის თანახმად, პირველადი მონაცემებით არ ვლინდება შეურაცხადობის ან შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მომენტში, რაც კიდევ უფრო დამაინტრიგებელს ხდის „დღიურის" შინაარს, რომლის მიხედვით, ჩანაწერის შემსრულებელი მკვლელობის აქტისთვის თადარიგს იჭერს როგორც მეუღლის, ისე მცირეწლოვანი შვილის(!) მიმართ, რაც ნორმალური ფსიქიკისა და ზოგადად ჯანსაღი ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანის ცნობიერებაში ვერაფრით პოვებდა რეალიზაციას. შესაბამისად, თუ ჩანაწერის ავთენტურობა ოდესმე უტყუარად დადასტურდება, შესაძლოა, გამოძიება რიტუალური მკვლელობის ან ძლიერი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩადენილი მკვლელობის ვერსიის გზასაც დაადგეს. ვურჩევდი გამოძიებას, გამორიცხვის მეთოდის გათვალისწინებით, ბრალდებული გამოიკვლიოს ძლიერი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესაძლო მოხმარების ფაქტზე და ამისათვის გამოიყენოს ქრომატოგრაფიული, იმუნო-ფერმენტული მეთოდი, რომლის ძალითაც შესაძლებელი გახდება იმის გარკვევა, მოიხმარდა თუ არა პირი ზემოაღნიშნულ ნივთიერებებს ბოლო 6 თვის განმავლობაში", - ნათქვამია ლორთქიფანიძის განცხადებაში.
იხილეთ:
პროკურატურა მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: http://reportiori.ge/inside.php?menuid=4&id=443