ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„იცით, რატომ ვულოცავ კახა კალაძეს თბილისის მერობას 4 თვით ადრე? იმიტომ, რომ „ნაციონალებმა" ზაალ უდუმაშვილი წამოაგდეს ლოგინიდან, სხვა გზა აღარ გვაქვს, მერობის კანდიდატი შენ უნდა იყოო. თავიდან უდუმაშვილი დაბნეულა, სად მე, სად - პაპაჩემის ყურებიანი ქუდიო? თუმცა, მას მერე, რაც უკრაინას სწვევია და სააკაშვილთან კონსულტაციები გაუვლია, საკუთარ თავში ძალები მოუკრებია, რწმენა აღუდგენია, ერთი გემრიელად ჩაუსუნთქავს და უთქვამს: დიდო მიხავ, შენი ხმალი და ჩემი კისერი, სადაც ქვეყანას უჭირს, მე იქ დავდგები რიგით ჯარისკაცადო. ვააა, რიგით ჯარისკაცად კი არა, თბილისის მერად უნდა წახვიდე, მთელი ქალაქი ჩემკენ შემოაბრუნო, ფონი შემიქმნა, რომ ბოლოს და ბოლოს, დავბრუნდე, დავიღალე ამდენი წანწალითო!
რატომ დადო ფსონი სააკაშვილმა უდუმაშვილზე? ვერ არის თავის „მატორზე" და იმიტომ. რა შანსი აქვს უდუმაშვილს კალაძესთან ბრძოლაში? არავითარი, ჩაიფეხვება არჩევნებში და მერე დაიწყებენ, გაგვიყალბესო. არადა, აქედანვე განწირულია უდუმაშვილი დამარცხებისთვის!
კალაძისა და უდუმაშვილის შემდეგ სხვებიც წამოცვივდებიან ლოგინებიდან, სხვებსაც მოუნდებათ თბილისის მერობა. ზოგი იმნაირი იქნება, სიცილადაც რომ არ გვეყოფა. სადღაც წავიკითხე, პაატა ბურჭულაძესაც ნდომებია ქალაქის ბანობაო. არ ვიცი, ვერ გეტყვით, თუ ამ კაცს თავმოყვარეობა კიდევ შერჩენია, საერთოდ არ უნდა გამოჩნდეს არჩევნების პერიოდში.
ფაქტია, კახა კალაძეს დღეს და არც უახლოეს მომავალში ე.წ. ოპოზიციის მხრიდან არ ჰყავს კონკურენტი. გამოდის, ის უკვე გამარჯვებულია. მე მგონი, არჩევნების ჩატარებაც კი აღარ არის საჭირო. ახლა დაიწყებენ (უკვე დაიწყეს), კალაძე დამოუკიდებელია როგორც ფულით, ისე პოლიტიკური იდეებით, ბიძინა ივანიშვილმა სასწრაფოდ უნდა მოთოკოსო. აბა, ჩვენს ღრმად მოაზროვნე საზოგადოებას რას გაუგებ? ზოგიერთი ისე შორს მიდის, მის ფილოსოფიას საუკუნის შემდეგ ჩაწვდები!
მოკლედ, „მავანებს" გინდათ, არ გინდათ, კალაძე თბილისის მერია, ვულოცავ!" - წერს გელა ზედელაშვილი.