logo_geo
eng_logo
„სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულებისთვის სპეციალურად გარემონტდა 4 საკანი და აღიჭურვა ავეჯით“
- +

8 ივნისი. 2017. 13:12



სასჯელაღსრულების მე-10 დაწესებულების სამმართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილმა უფროსმა ის პირობები აღწერა, რა პირობებშიც სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული, კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები სასჯელს იხდიდნენ.


რამაზ ჭოხონელიძე სანდრო გირგვლიანის საქმეზე, რომელზეც ბრალი კუდ-ის ყოფილ უფროსს, დათა ახალაიას აქვს წაყენებული, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა.


ჭოხონელიძის განცხადებით, 2006 წელს დაწესებულებაში სპეციალურად 4 საკანი გაარემონტეს, აღჭურვეს ავეჯით, სხვადასხვა ინვენტარით და მალევე შეასახლეს გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულები.


მისივე თქმით, ოთხივე მსჯავრდებული სხვა პატიმრებისგან განსხვავებით პრივილეგიებით სარგებლობდა, მათ შორის სურსათის შეტანით, ახლობლებისა და ოჯახის წევრების შეუზღუდავი ვიზიტით, ციხის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილებით და ა.შ.


მისივე თქმით, ვიზიტები მსჯავრდებულებთან ძირითადად ღამის საათებში ხდებოდა.


რამაზ ჭოხონელიძემ ასევე აღნიშნა, რომ მსჯავრდებულები სარგებლობდნენ მობილური ტელეფონებითა და კომპიუტერული ტექნიკით.


მისი თქმით, პატიმრებთან ასევე შედიოდნენ იმდროინდელი მაღალჩინოსნები, მათ შორის ბაჩო ახალაია და დავით ჩხიტუნიძე. მისივე თქმით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში, საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიზნით ოთხივე მსჯავრდებული დაწესებულებიდან სწორედ დავით ჩხიტუნიძემ გაიყვანა.


დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ასევე ორი ყოფილი მსჯავრდებული, რომლებიც კუდ-ის ყოფილ თანამშრომლებს ემსახურებოდნენ. მსჯავრდებულების პრივილეგირებულ ვითარებაში ყოფნაზე მათაც ისაუბრეს და განაცხადეს, რომ გერონტი ალანია ყველაზე ხშირად შედიოდა ციხის უფროსის კაბინეტში „გარკვეული საქმეების" მოსაგვარებლად.


მათი თქმით, ოთხ მსჯავრდებულს შორის რამდენჯერმე კონფლიქტიც მოხდა.


კონფლიქტი ალანიას ჰქონდა ბიბილურიძესთან და აფციაურთან იმის გამო, რომ ამდენი ხანი არ უნდა ყოფილიყვნენ ციხეში. გერონტი ალანიამ, როცა მათი შეწყალების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო, შესაწყალებელთა სიაში მეც ჩამსვა", - განაცხადა გიორგი მუხიგულაშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner