ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა კიდევ ერთ მნიშვნელოვან სოციალურ პროექტს ახორციელებს.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ხანძრის შედეგად დაზარალებულ და უსახლკარო ოჯახებს სამშენებლო მასალებით ეხმარებიან.
სამშენებლო ბლოკი, თუნუქის სახურავი, ხეობა და ცემენტი დაზარალებულებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გადასცა.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის გამგეობას იმისთვის, რომ ჩვენისთანა ადამიანებს ეხმარებიან. ვარ ხანძრისგან დაზარალებული, თხოვნით მივმართე გამგეობას და სამშენებლო მასალებით დაგვეხმარნენ. მადლობას ვუხდი პირადად მერაბ ჭანუყვაძეს გულისხმიერებისა და თანადგომისთვის",- აღნიშნა სოფელ ბახვის მცხოვრებმა მინდია გოგოძემ.
„ხანძრის შედეგად დაზარალებული უსახლკარო ოჯახები ამ დრომდე ქირით ცხოვრობდნენ, რომლის თანხასაც მუნიციპალიტეტი ანაზღაურებდა. დღეს უკვე მათ საშუალება მიეცათ საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ. სამშენებლო მასალებს 19 სოფელში სულ 35 ოჯახი მიიღებს",- განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.